„თი-ბი-სი“ არტ-გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა

???????????????????????????

„თი-ბი-სი“ არტ-გალერეაში უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ხუმარაშვილის რიგით მეათე პერსონალური გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღისთვის გამოცემულ ალბომს ეძღვნება.

2018 წელს, უშანგი ხუმას 70 წელი შეუსრულდა. ალბომის – „ანარეკლები ანარეკლების შესახებ უშანგი ხუმარაშვილის ფერწერულ ნამუშევრებში” პრეზენტაცია გამოფენაზე შედგა. ექსპოზიცა უშანგი ხუმას 2018-19 წლებში შექმნილ 15 ნამუშევარს აერთიანებს.

უშანგი ხუმა 1948 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა. 1967-73 წლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, თეატრის განხრით სწავლობდა. 1974-80 წლებში, თელავის დრამატულ თეატრის მხატვარი იყო. 1975 წლიდან, რეგულარულად იფინება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოპებსა და ბიენალეებში. უშანგი ხუმას სახელი კარგადაა ცნობილი ქართული ვიზუალური ხელოვნების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ უშანგი ხუმა, როგორც ფერმწერი, 70-იან წლებში ჩამოყალიბდა, მხატვრული ორიენტაციით ის ტიპური 80-იანელია.

დავით ჩიხლაძე; ალბომის ტექსტიდან:

„ხუმარაშვილის ნახატები მძიმე ფორმებისა და მოცულობების აბსტრაქციებია. ისინი დაზგურ ფერწერას კი არა, უფრო კედლის მხატვრობას ჰგავს – მეტიც, გამოქვაბულის კედლის რიტუალურ მხატვრობას. ისინი უკიდურესად მძიმეა ფიზიკური მგრძნობელობით. თუმცა, საღებავის მასალის სიჭარბე არასოდესაა მისი დამახასიათებელი.”

„უშანგი ხუმარაშვილის ერთი დამსახურება ის არის, რომ მან ცოცხალი ავანგარდისტული ტრადიციების მქონე ხელოვნება ელიტარული გახადა, რითაც დასავლეთის არტსამყაროს პრეცედენტი შექმნა საქართველოში; შექმნა სრულიად ცარიელ ადგილზე  – ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.”

„ის ასახავს სინამდვილეს აბსტრაქტული ნახატის გზით. მას მხოლოდ სჭირდება, მოკლას აღსანიშნი, რათა შექმნას აღმნიშვნელი – როგორც პირადი და ყველასთვის გასაგები ანარეკლი.”

უშანგი ხუმას გამოფენა „თი-ბი-სი“ არტ-გალერეაში 2019 წლის 14 აპრილამდე გაგრძელდება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები