რევაზ სოხაძე: ვწუხვარ, რომ ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური ოპონენტები, რომლებიც ვერ ერკვევიან და არც აინტერესებთ საკითხები

საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის ბრალდებებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. რევაზ სოხაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, არაკვალიფიციურია. მათი მთავარი მიზანია არა საკითხის განხილვა, არამედ – მედიის ყურადღების მიქცევა.
„ვწუხვარ, რომ ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური ოპონენტები, რომლებსაც არ აინტერესებთ და ვერც ერკვევიან საკითხებში. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ნანგრევებია, რაც შეიძლება, მეტი კორპუსი აშენდეს და ამით მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს. მინდა გითხრათ, რომ ვარკეთილის მესამე მასივში ყველა კორპუსი ავარიულია. მათ ადგილას უნდა აშენდეს ათობით ახალი კორპუსი, რომ მოსახლეობამ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. რაც შეეხება ზონას, აღნიშნულ ტერიტორიას, გენერალური გეგმის პროექტის მიხედვით, ადევს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ორი, რაც გულისხმობს ოთხ და ექვს კოეფიციენტს. მესაკუთრეს შეეძლო 20-სართულიანი კორპუსების აშენება. თუმცა, დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება და, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 10-სართულიანი კორპუსები აშენდება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს წევრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის საკრებულომ მიიღო, ქალაქის ინტერესებს პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები