ანრი ოხანაშვილი: თუ ოპონენტებმა ვერ დაინახეს დავით კირკიტაძის ქმედებაში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო, მაშინ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

„თუ ოპონენტებმა ვერ დაინახეს დავით კირკიტაძის ქმედებაში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ისინი ცდილობენ, სრულიად საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
ამასთან, ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს ურჩევს, სატელევიზიო გამოშვებების ძველი კადრები გადაახვიონ და იხილონ, თუ როგორ ხდებოდა პოლიციელის წინააღმდეგ ძალადობა: „რით იხელმძღვანელა კონკრეტულმა მოსამართლემ, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს გარკვეულ ფაქტებზე, გარემოებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მე სასამართლოს შეფასების ნაწილში ვერ შევალ, ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკური პროცესი – ეს არის სასამართლოს კონკრეტული შუალედური გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს – თუ ოპონენტებმა ვერ დაინახეს დავით კირკიტაძის ქმედებაში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ისინი ცდილობენ, სრულიად საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვინაიდან, ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა ქმედებებს ახორციელებდა პოლიციელებთან მიმართებით და როგორ მოქმედებდა ეს ადამიანი. ეს არის სამართლებრივი საკითხი და არ მინდა, შევიდე პოლიტიკურ მსჯელობაში. ოპონენტებს მოვუწოდებ, გადაახვიონ კიდევ ის მომენტები, რომლებიც ტელევიზიით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდა და იხილა სრულიად საქართველომ, თუ როგორ ხდებოდა ძალადობა და პოლიციელის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედების განხორციელება და შემდეგ გააკეთონ ასეთი შეფასება”, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დატოვა. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და მუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები