დემურ გიორხელიძე – “საკააშვილის ქმედებები უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს”

“მიხეილ საკააშვილის ქმედებები უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
გიორხელიძე ბელგიის ქალაქ ლიეჟში ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:
„სააკაშვილმა უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ პარლამენტში ერთად ვიყავით. მე მის ფრაქციაში გახლდით, ძალიან კარგად ვიცნობ და საუკეთესო ურთერთობები გვქონდა. მაგრამ, ახლა, უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს. უნდა გითხრათ – რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, საპრეზიდენტო არჩევნებიც სხვა შედეგით იქნებოდა დამთავრებული. სააკაშვილის ფაქტორმა უდიდესი სამსახური გაუწია დღევანდელ ხელისუფლებას. ამიტომ, ეს მოქმედებები ისევ „ოცნების“ სასარგებლოა იმიტომ, რომ, ის განწყობები, რომელებიც ქვეყანაში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, იმ პირობებში ჩამოყალიბდა, რაც ხელისუფლების მოქმედებებთან იყო დაკავშირებული, თავისთავად, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, კიდევ უფრო ძლიერ განვითარებას ნახავდა.
ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ეხმარება სააკაშვილი. პირიქით, სანამ ის იქნება, ყოველთვის იარსებებს იმის შანსი, რომ ქართველი ხალხი არ დაუჭერს მათ მხარს. მაგრამ,  საქართველოში სიტუაციები ძალიან ცვალებადია. აქ ორწლიანი პროგნოზი უიმედო საქმეა – რა იფეთქებს ქვეყანაში, განწყობების თვალსაზრისით, არავინ იცის“, – განაცხადა გიორხელიძემ.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდებოდა, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.
ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აგენტ პროვოკატორების მიერ დაიგეგმა, რომელთაც შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა.
ტლეკომპანიის ცნობით, პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.
ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ, გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.
ამავე ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაცია „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“ გაავრცელა. მათი ცნობით, ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებული იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები