„სუნთქვის უფლებისთვის ვიბრძვით“ – NGO-ები „მწვანე ეკონომიკასთან“ დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

„მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის განსახორციელებლად სტრატეგიის შემუშავებაა აუცილებელი, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კავკასიური სახლის“ თავმჯდომარემ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე , ეკონომიკის დოქტორმა დავით ადეიშვილმა, ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა და „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადეს.
მათი თქმით, უნდა შეიქმნას ეკოლოგიურ-სამეცნიერო საბჭო, რომელიც პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იქნება.
„მივმართავ პრემიერმინისტრს და მთავრობას, გაგვარკვიონ რას გულისხმობენ „მწვანე ეკონომიკაში“. „მწვანე ეკონომიკისა“ და მდგრადი განვითარების პრობლემა გახადონ საჯარო დისკუსიების და დებატების საგანი. დღეს საქართველოში სიცოცხლის გადარჩენაზეა უკვე ლაპარაკი , ჩვენ სუნთქვის უფლებისთვის ვიბრძვით, ფაქტობრივად. უნდა შექმნან ეკოლოგიური-სამეცნიერო საბჭო, რომელიც პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იქნება, სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იქნება შემფასებელი და კონსულტაციების მიმცემი. გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც არ არსებობს რეალურად, დროზე ჩამოაყალიბონ. წინააღმდეგ შმთხვევაში ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ ეს არის მორიგი ტყუილი“- განაცხადა ნაირა გელაშვილმა.
როგორც ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ისინი
მთავრობისგან მოითხოვენ, მკაფიოდ განაცხადონ, „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში დასანერგად რა სამოქმედი გეგმა აქვთ.
„საქართველოს პრემიერმინისტრი საუბრობს „მწვანე ეკონომიკაზე“. თუ საქართველოს მთავრობა არ გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, თუ არ ისაუბრებს დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე, ინდუსტრიულ ქალაქებში ჰაერის , წყლის, ნიადაგის მდგომარეობაზე, თუ არ ისაუბრებს ეკონომიკის ყველა დარგში გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვაზე, მაშინ „მწვანე ეკონომიკის“ ზოგადი დეკლარირება გამოვა ფიქციაა. მოვითხოვთ პრემიერისგან, მთავრობისგან მკაფიოდ გვითხრან, რა სამოქმედი გეგმა აქვთ „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში დასანერგად. მოვითხოვთ წარმოადგინონ სტრატეგია, ხედვა, როგორ აპირებენ „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების განსაზღვრას . თუ ამას არ გააკეთებენ ჩვენ გავაგრძლებთ ბრძოლას სხვადასხვა ფორმით , არა მხოლოდ კონფერენციებით და პრესკონფერენიცებით , არამედ სხვადასხვა დემონსტრაციებით, მათი მხილებითაც საზღვარგარეთის ქვეყნებში , საერთაშორისო ორგანიზაციებთან“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
როგორც „კავკასიურ სახლში“ აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარება პრიორიტეტად
გამოაცხადა, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა რიგ შემთხვევებში უარესდება კიდეც.
„საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლები საგანგაშოა; აბსოლუტური უკონტროლობა სუფევს შხამქიმიკატებისა და სასუქების გამოყენების სფეროში; ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ტრანსნაციონალური კორპორაციები სტიქიურად აშენებენ გიგანტურ ჰიდროელექტროსადგურებს, წყალში ძირავენ საქართველოს უნიკალური ლანდშაფტების მნიშვნელოვან ნაწილს და ანადგურებენ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრისს; ბუნებრივი წიაღისეულის ათვისება ხდება გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების უკიდურესად უხეში დარღვევით და ა.შ“- აცხადებენ „კავკასიურ სახლში“.
დავით ჭიპაშვილის განცხადებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციაში არ ჯდება.
„მართლაც ძალიან კარგია, როცა პრემიერმინისტრი აცხადებს „მწვანე ეკონომიკის“ თაობაზე. ერთია მისი განცხადება და საწინააღმდეგოა ქმედებები, რაც შემდგომ მოჰყვა ამ განცხადებებს. მოგეხსენებათ, ერთერთი ყველაზე მწვავე თემა არის დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომელიც ვერანაირად ვერ ჯდება „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციაში. ნაცვლად იმისა, რომ ველოდით ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით, თუნდაც გადაფასებას უკვე გაცემული ნებართვების დიდ ჰესებზე, ან ახლების შეჩერებას, ეკონომიკის მინისტრისგან მოვისმინეთ , რომ თურმე ყველაფერი აშენდება. აშენდება ხუდონის, ნამახვანის , ნენსკრას და სხვა ბევრი ჰიდროელექტროსაგდური. ასეთი საქართველოში 117 -ია, სამწუხროდ“- განაცხადა ჭიპაშვილმა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერნეციაზე ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, გარემოს დაცვა მხოლოდ ჰაერის დაცვა არ არის.
„მნიშვნელოვანია წყლის რეგულირება , სააუზო მართვის შემოღება, რომელთა დაკავშირებითაც კანონი უნდა იყოს მიღებული .ასევე ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რომელიც არ არის მიღებული. ეს არის „მწვანე ეკონომიკის“ კონკრეტული ქმედებები.
ამის გარდა, წიაღის შესახებ ახალი კანონი მზადდება და უნდა მომზადდეს, იმიტომ , რომ დღევანდელი წიაღის მოპოვება არის კატასტროფის ტოლფასი, არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, მარტო იმაზეა, რომ მოიოპოვონ და ერთეულებმა მოგება ნახონ.
მარტო ჰაერის დაცვა არ არის გარემოს დაცვა . ამ შემთხვევაში პირველი, რაც უნდა გაკეთდეს , ჰიდროენერგეტიკაზე ლაპარაკი უნდა გაჩერდეს მანამ, სანამ სააუზო მართვა არ შემოვა, რომელიც ვალდებულებაში უდევს საქართველოს“- განაცხადა ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერმა გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის განხორციელების დაწყების შესახებ ოქტომბერში განაცხადა.
„სწორედ „მწვანე ეკონომიკა” არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, მშენებლობა და, რა თქმა უნდა – ტრანსპორტი.
დღეს ჩვენ განვაცხადებთ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, იამაყებენ მომავალი თაობები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და ძალიან დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას”- განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა გარემოსდაცვითი კონცეფცია – „მწვანე ეკონომიკა“ ივლისში წარადგინა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები