სალომე ზურაბიშვილი “ჰერბიასა” და ოტია იოსელიანის ფერმერულ მეურნეობას ეწვია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში კომპანიას – “ჰერბია” და ოტია იოსელიანის ფერმერულ მეურნეობას ეწვია.
პრეზიდენტი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდა და კომპანია “ჰერბიას” საქმიანობას გაეცნო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯენელიძემ პრეზიდენტსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს მუშაობის პროცესის ყველა ეტაპის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ ადგილობრივი და უცხოეთის ბაზრები აითვისა და მის პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.
ზურაბ ჯანელიძემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადგილობრივ კომპანიებსა და მეწარმეებს აწუხებთ.
პრეზიდენტი წყალტუბოში ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობასაც ესტუმრა, რომელიც ქართული ხალხური ტრადიციების შესაბამისად, თაფლს, ქვევრის ღვინოსა და ლუდს აწარმოებს.
უმცროსი ოტია იოსელიანის განცხადებით, ტრადიციული წესით დამზადებული ლუდი და ქვევრის ღვინო დიდი მოწონებით სარგებლობს ტურისტებში და იმერეთის რეგიონს ამ მიმართულებითაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
მისი აზრით, კარგი იქნება, თუ საოჯახო ლუდის წარმოება აღორძინდება და გაიმიჯნება ქარხნის ლუდის წარმოებისგან. როგორც მან აღნიშნა, ეს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტრადიციული საოჯახო ლუდი დაბრენდოს და გასაღების ბაზრები მოიპოვოს.
იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სტუმრობის მიზანი, მისი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები