ადამიანი, რომელიც ფერეიდანში მარტოდმარტო, ბოდბისხევის ბაზარში შეძენილი კახური ჩურჩხელებით და „ჯიბით სატარებელი ლექსებით“ ჩავიდა…

2005 წელს სრულიად მარტო გაემგზავრა ფერეიდანში და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. ამ მოგზაურობის შემდეგ მას მეორე ლადო აღნიაშვილი უწოდეს… იქ გადაღებული ფოტოებით შეადგინა ალბომი და  შექმნა ინტერნეტსაიტი ფერეიდანზე, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა.
სპეციალობით ინჟინერელექტრიკოსია.  ამბობს, რომ ფერეიდნელების სიყვარულმა დააწყებინა პროზაიკოსობა…
მისი ჰობია ფერეიდანზე შექმნილი საიტის განახლება-გამდიდრება, ასევე საქართველოში მივიწყებული ხილის კულტურისფისტას აღორძინება.

 – დავბადებულვარ 1956 წლის 8 ივლისს, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში. იმ დღით 8 გოგო დაბადებულა და მეცხრე კი ბიჭი – მე! სხვები ნამდვილად არ „მახსოვს“, მაგრამ იმ რვა გოგონადან ერთ-ერთი, ნათელა თანდაშვილი, ჩემს კლასში აღმოჩნდა, რომელზედაც დაბადებისთანავე „დანიშნული“ ვყოფილვარ. აღმოჩნდა, რომ სამშობიაროში მხოლოდ რვა ბავშვთა საწოლი ჰქონიათ, მე, როგორც მეცხრე, უადგილოდ დავრჩენილვარ და ერთ-ერთ გოგონასთან ჩავუგორებივარ ექთანს. შემოვლაზე ექიმები პირველად „სიძე-პატარძლის“ სანახავად მოდიოდნენ თურმე.
საშუალო სკოლა წნორში დავამთავრე. წნორს და მის შემოგარენს დიდი ისტორიული წარსულიც აქვს. ჯერ მარტო ის რად ღირს, მსოფლიოში ცნობილი ოქროს ლომის ქანდაკება, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით, წნორის მახლობლად, ერთ-ერთ ყორღანში ანუ თეფაშია ნაპოვნი.
აღსანიშნავია, რომ წნორში ჩვენი გვარის მხოლოდ ერთი ოჯახია.
გადმოცემით ვიცი, რომ ჩვენი ფუძე ტიბაანიდანაა, სადაც მდებარეობს მთელ კახეთში სიდიდით, სიძველით, არქიტექტურითა და დანიშნულებით ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი – ხირსის მონასტერი.
პაპაჩემი შაქრო, ტიბაანშია დაბადებული, 2 წლის რომ ყოფილა მშობლები სახადით დახოცვია, წნორში გათხოვილ უშვილო მამიდას კი უშვილებია და წნორში წაუყვანია. შაქრო პაპასგან ერთი ძველი ფოტოსურათი შემოგვრჩა მხოლოდ, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ძველებური, პაპას ნაქონი ვერცხლის ქამარი, თავისივე ვერცხლის ჯაჭვით, რომლითაც ვერცხლისავე ქარქაშიანი პატარა ხანჯალი ყოფილა ჩამოკიდებული.
როდესაც დიდობაში ხანჯალი მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ მამაჩემს თავისი მეგობრისთვის უჩუქებია, რომელსაც ერთ-ერთი ახალი წლის ღამეს იმ ხანჯლით მარტოს დაუკლავს ვეებერთელა ღორი. ძალიან მინდოდა იმ პიროვნების ვინაობის გაგება, ოჯახური რელიკვიის დასაბრუნებლად, მაგრამ დედამ პირიქით, აქეთ დამანამუსა, რა პირით უნდა მოსთხოვო მამაშენის ნაჩუქარი ხანჯლის დაბრუნება, ალბათ მაშინ ასე იყო საჭიროო…
ბებიაჩემი, ლიზა ძალიან მშრომელი ქალი იყო. ორი შვილი ჰყავდა დაკარგული დიდ სამამულო ომში, ვიქტორი და გიორგი, რომლის სახელიც მქვია და რომელსაც თურმე ძალიან ვგავარ. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მისი საყვარელი შვილიშვილი ვიყავი. ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა გადანახული ტკბილეული და მთელ თავის პენსიასაც მე მაძლევდა. სამართლიანობისა და მუხლჩაუხრელი შრომის გამო სოფელს მისთვის „ოთარაანთ ქვრივი“ შეურქმევია, რითიც ძალიან ამაყობდა… ფილმის ნახვის შემდეგ კი გულამომჯდარმა ტირილით გამოგვიცხადა, ყველა გააფრთხილეთ, ოთარაანთ ქვრივი აღარ დამიძახონ, უბედური დედა ყოფილაო… სიკვდილის ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი შვილები ცოცხლები დაბრუნდებოდნენ, ტანსაცმელსაც კი უნახავდათ… მამაჩემი სუფრაზე ყოველთვის იხსენიებდა თავის შინმოუსვლელ ძმებს და მათთან ერთად ვინმე საწყალ იოსებას, რომელსაც გამხსენებელიც კი არავინ დარჩენია…
წნორში გაატარეთ ბავშვობა. სკოლიდან რა დაგამახსოვრდათ?
– დიდებული ბავშვობა მქონდა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი, მე მხოლოდ კარგად სწავლა მევალებოდა და კარგადაც ვსწავლობდი. აქვე მინდა ერთი ამბავიც გავიხსენო: ქართულ ენას მასწავლიდა ნამდვილი მასწავლებელი – მარიამ მოლაშვილი, საოცარი ენერგიის და ენთუზიაზმის მქონე ქალბატონი. მისი დამსახურებაა, რომ ჩემი სკოლის თითქმის ყველა კურსდამთავრებული ერთნაირად ვწერდით. შემოღებული გვქონდა საერთო რვეულები, სადაც ქალბატონი მარიამი თავიდან გვასწავლიდა ქართული წერის ხელოვნებას. ამის გარდა, სათავეში ედგა „ვეფხისტყაოსანი“ შემსწავლელთა წრეს. კარგად მახსოვს, დიდ დასვენებაზე სამასწავლებლოში რიგში ვიდექით, „ვეფხისტყაოსნიდან“ 3-3 სტროფი რომ ჩაგვებარებინა!
წრის წევრები ყოველთვის დავდიოდით იყალთოს აკადემიაში შოთაობაზე. ერთხელაც (ეს იყო 1966 წელს) იყალთოში ყოფნისას, ქალბატონმა მარიამმა შეგვარჩია რამდენიმე მოსწავლე და გვითხრა, ცნობილი ბალერინა, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქალბატონი ეთერ ფაღავა, ამჟამად აქ არის და მასთან გასაცნობად მიმყავხართო.
ქალბატონ ეთერს ძალიან გაუხარდა ჩვენი გაცნობა და სამახსოვრო სურათის გადაღებაზეც დაგვთანხმდა. იგი ყელმოღერებულ თეთრ გედს ჰგავდა… სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას მისგან მარჯვენა მხარეს აღმოვჩნდი და როდესაც, საბედნიეროდ, ოდნავ შემეხო – თავი უბედნიერეს ადამიანად ჩავთვალე, ეს ხომ არამიწიერ არსებასთან ჩემი პირველი შეხება იყო!
მას შემდეგ 23 წელი გავიდა. ერთხელაც, ეს იყო 1989 წლის 31 დეკემბერი, რადიოთი მოვისმინე მამამისის, ბატონ ლევან ფაღავას ნოსტალგიით აღსავსე წინასაახალწლო მილოცვა ქართველი ხალხისადმი, მაშინვე დავუკავშირდი რედაქციას და ვთხოვე ბატონი ლევანის მისამართი. ამრიგად, დიდი ხნის დაგვიანებით, ქალბატონ ეთერს გავუგზავნე იყალთოში გადაღებული სურათი, რომელსაც ჩემი ოჯახის ფოტოც დავურთე. ერთი თვის შემდეგ მივიღე ბატონ ლევან ფაღავას პასუხი, რაც იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ პასუხი თვითონ ბატონ ლევანის მიერ არის დაწერილი ბლანკიან ქაღალდზე, რომელსაც ამშვენებს წარწერა – „ჩვენი დროშა „ნოტრე დრაპეაუ“ დამაარსებელი – ნოე ჟორდანია“ და თვით ტექსტი:
„პარიზი 28 თებერვალი 1990 წელი. დიდად პატივცემულო ჩემო უცნობო თანამემამულე, ბატონო გიორგი! გთხოვთ მიიღოთ ჩემი უმორჩილესი მადლობა სურათისა და წერილისათვის, ამ ჩემი ცხოვრების მიწურულში ძალიან გამახარეთ ყურადღებისა და მოგონებისათვის. ამ მშვენიერ სამახსოვრო სურათმა ძალიან გაახარა ჩემი ქალიშვილი ეთერიც. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დოვლათს ულეველს თქვენ საყვარელ, დიდებული ცოლ-შვილით. ამ გარდაქმნის ხანაშიდ შეიძლება მეღირსოს ჩემი მუდამ საგონებელი ღვთიური სამშობლოს კვლავ ხილვა, რომელსაც იძულებით დავშორდი ამ 65 წლის წინათ. საუკეთესო სურვილებით, ლევან ფაღავა“. სამწუხაროდ, ბატონი ლევანი ისე აღესრულა 1990 წლის მიწურულს, რომ არ დასცალდა საქართველოში ჩამოსვლა.
– სტუდენტობა… როგორ დაიწყო ლიტერატურის და ფილოლოგობის სიყვარული…
– ფილოლოგიურზე არ მისწავლია. მისაღები გამოცდები მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ავტომატიკის და ტელემექანიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების სპეციალობით, რომელიც მერე წარჩინებით დავამთავრე.
მინდა ერთი კურიოზი გავიხსენო მისაღები გამოცდებიდან: ფიზიკის გამოცდაზე ჩემმა გამომცდელმა ფრიადი დამიწერა კომისიის თავმჯომარესთან შეუთანხმებლად. კომისიის თავმჯდომარემ კი, თავისი უფლებები რომ გამოემჟღავნებინა, თავისთან მიმიხმო და კითხვა-ამოცანა დამისვა, რაც სასკოლო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული.

ლადო აღნიაშვილის საფლავთან, კუკიაზე, ფერეიდნელ დავით გუგუნაშვილთან ერთად

რადგან სკოლაში კარგად ვსწავლობდი და რეპეტიტორების გარეშე გავდიოდი გამოცდებზე, კითხვა-ამოცანაზე სწორი პასუხი ვერ გავეცი, ამიტომ კომისიის თავმჯდომარემ 5 (ფრიადი) გადახაზა და ქვეშ მიუწერა 4 (კარგი). გარეთ მშობლები და მეგობრები მელოდებოდნენ. როცა მკითხეს, რა ნიშანი მივიღე, ვუპასუხე – ცხრიანი (მაშინ 5 -ბალიანი შეფასების სისტემა იყო)! არ მავიწყდება დედაჩემის თვალები, მერე ყველაფერი გაირკვა და დალაგდა.
და ერთი კიდევ – მე პირადობით გიორგი ვარ, პატარაობაში ჩემი და გუგუას მეძახდა. ჯგუფელებიც ასე მომმართავდნენ, კურსელები კი გიორგი-თი. რატომღაც ბევრს ეს კახელი კაცი მეგრელი ვეგონე – გიორგი გუგუა.
რაც შეეხება თქვენს შემდეგ შეკითხვას, როგორც უკვე მიხვდით, მე სპეციალობით ინჟინერ-ელექტრიკოსი გახლავართ, არც ფილოლოგი, არც ენათმეცნიერი, არც ისტორიკოსი…  ფერეიდნელების სიყვარულმა დამაწყებინა პროზაიკოსობა…
მაშინ ის გვიამბეთ, ფერეიდნელების სიყვარული როგორ დაიწყო…
– ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2005 წლის 7-13 ოქტომბრის გაზეთ „ახალი აზრის“ N 39-ში დაიბეჭდა გელა ზედელაშვილის ინტერვიუ „გაზსერვისის“ დირექტორ ბატონ ზურაბ კაპანაძესთან − „კავკასიონზე ახალი მწვერვალია „ფერეიდნელი ქართველი“ (რა აწუხებთ ირანში მცხოვრებ გურჯებს?!)“, რომლის წანამძღვარში ვკითხულობთ: „ზურაბ კაპანაძე მოყვარულ მთამსვლელთაგან ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოდან ირანში ალპინიზმის ფანჯარა გაჭრა და ფერეიდნელ კოლეგებს დაუმეგობრდა. იგი მწვერვალ დამალანდიდან თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ლადო აღნიაშვილი

როგორც თვითონ ამბობს, ამ ლაშქრობას სპორტული კი არა, კულტურული ხასიათი ჰქონდა, რომელსაც თან ნოსტალგია ახლდა“.
ინტერვიუში აგრეთვე ვკითხულობთ: „ახლა მათ ტრადიციებზე საუბარი აღარ აკმაყოფილებთ, უფრო მეტ სიახლოვეს ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის ასეთი უყურადღებობა ძალიან მტკივნეულია“, „ისინი იდეოლოგიაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, ქართული ენის სწავლას ცდილობენ. უნდათ, რომ ჟურნალ-გაზეთები მიიღონ, ქართული ტელე-რადიო გადაცემები ჰქონდეთ. ამჟამად ამ მხრივ ირანში პრობლემა აღარ არსებობს, ასეთი რამ იქ უკვე დასაშვებია“, „ისინი იმაზეც წუხან, რომ მათი შვილები სასწავლებლად ირანის დიდ ქალაქებში მიდიან და ხალხის მასაში ითქვიფებიან. ჯერჯერობით სკოლებზე ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქართულ ენას საკუთარი ინიციატივით ასწავლიან, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი, ნიკოლოზ ბათუაშვილი გახლავთ. წერას ბევრი ვერ სწავლობს, მაგრამ გამართულად საუბარს ახერხებენ“.
ეს ინტერვიუ აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რომელმაც ჩემი მოთმინების ფიალა აავსო და უკვე გადავწყვიტე მემოქმედა, მაგრამ ჯერ მცირე ექსკურსი ჩემი ცხოვრებიდან. პირველად იყო ბატონ გურამ პატარაიას დოკუმენტური ფილმი „შორია გურჯისტანამდე“, რომელმაც, როგორც ყველა ქართველზე, ასევე ჩემზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არასოდეს დამავიწყდება მსხვილი პლანით გადაღებული ფერეიდნელი ქართველების სახეები, განსაკუთრებით კი − სევდაჩაგუბებული თვალები.
ამ ფილმმა ჩემში რატომღაც მოუნანიებელი ცოდვის შეგრძნება წარმოშვა, თითქოს შემრცხვა, როცა წარმოვიდგინე, ამ ხალხის წინაპრებმა რა ტანჯვა-წამება გადაიტანეს და მე კი ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და ბედნიერიც კი ვიყავი. მას შემდეგ ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შემეძლო რაიმეთი მაინც პატივი მიმეგო ამ ხალხისათვის და არარსებული მორალური ვალი მომეხადა.
მაშინ გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ჩავსულიყავი ფერეიდნამდე, გამევლო იგივე გზა, რაც ამ ხალხმა ფეხით გაიარა 400 წლის წინ, ფეხი დამედგა იმ მიწაზე, სადაც ჩემი „თანაფესვები, ძმები და თანაერი, თბილსისხლიანი ქართველები“ (ახალგაზრდა ფერეიდნელი ქართველის, პატრიოტი-მასწავლებლის საიდ მულიანის, იგივე გიორგი მულიაშვილის სიტყვები) ცხოვრობენ, თუნდაც ერთი მათგანისათვის შემესწავლებინა ქართული წერა-კითხვა და ვალმოხდილი დავბრუნდებოდი უკან.
შემდეგ იყო ორი ფერეიდნელი ქართველის სტუმრობა თბილისში, რომლებმაც ფეხით გამოიარეს მთელი გზა, სამწუხაროდ, მე გვიან გავიგე და მათთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. და ბოლოს, „ჩვენებურების“ კონცერტი ფილარმონიაში, რომლის შესახებ “იმედის” არხზე შევიტყვე აჰმად მულიანთან (აჰმად მულიანი შემდგომში აღმოჩნდა გიორგი მულიაშვილის ძმა, იგივე კახა მულიაშვილი) ინტერვიუს დროს, რომელიც ორგანიზებული იყო მეტად ცნობილი ქალბატონის მიერ.
ჯერ გადავწყვიტე, დავკავშირებოდი ამ ქალბატონს, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან რაბინდრანათ თაგორის სიტყვებისა არ იყოს: „ბალახის ღერო არ ცდილობს, ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება”.
გაზეთ „ახალ აზრში“ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ზურაბ კაპანაძეს, რომელმაც ბევრ საინტერესო ნიუანსებზე მესაუბრა და დამაკვალიანა კიდეც, რაზედაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
ბატონმა ზურაბმა მომცა თავისი მეგობრის, ფერეიდანში მცხოვრები ბატონ რევაზ დავითაშვილის ტელეფონის ნომერი, რომელსაც იმ საღამოსვე დავუკავშირდი, ვესაუბრე ჩემი მიზანის შესახებ, რაც ძალიან სიხარულით მიიღო და აღმითქვა, რომ დამეხმარებოდა ნიკოლოზ ბათუაშვილის (იმამყული ბათვანის) კოორდინატების მოძებნაში. მეორე დღესვე სასურველი ნომერი ჩემთვის უკვე ცნობილი იყო და ახლა მას დავუკავშირდი. რა თქმა უნდა, ბატონმა ნიკოლოზმაც მეტად გაიხარა ჩემთან საუბრით, დამპირდა, რომ თუ მე ფერეიდანში, უფრო სწორად მარტყოფში მართლა ჩავიდოდი, დამახვედრებდა ქართული წერა-კითხვის შესწავლის მსურველ პიროვნებებს (აღსანიშნავია ის, რომ ბატონ რევაზთან და ბატონ ნიკოლოზთან საუბრები ყოველთვის ქართულ ენაზე მიმდინარეობდა).
ყოველივე ამის შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე ირანის რუკა, სადაც, სამწუხაროდ, ფერეიდანი ვერ ვნახე, შემდეგ ვესტუმრე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, პირობების გასაგებად და ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, სადაც მეტად გულისხმიერად მიმიღეს ქალბატონმა სოფიკომ და ირანის კონსულმა საქართველოში ბატონმა რეზა ქეშავარზმოჰამადიანმა. ჩემდა გასაკვირად, ქალბატონი სოფიკო თავშლით შემხვდა, რაც იმით ამიხსნა, რომ რადგან საკონსულოს შენობა ირანის ტერიტორიად ითვლება, ისიც ექვემდებარება მათ ადათ-წესებს და ასე გამოხატავს თავის პატივისცემას ამ ქვეყნის მიმართ.
ამ მომზადების შემდეგ მარტო გაემგზავრეთ ფერეიდანში…  გზას გაუყევით და…
– პირველი ვიზიტიდან მოკლე დროში ვიზა უკვე მზად იყო. ამ ხნის განმავლობაში შევიძინე წიგნები, ძველი თბილისის თემებზე შექმნილი სუვენირები, სპეციალურად წავედი ბოდბისხევის ბაზარში კახური ჩურჩხელების შესაძენად, თან მინდოდა, რომ ჩურჩხელები ჩემი მშობლიური მიწა-წყალიდან ყოფილიყო. რადგან საკუთარი ხარჯით მივდიოდი და ქვეყნის დათვალიერებაც მინდოდა, ამიტომ თვითმფრინავი თავიდანვე გამოვრიცხე და გადავწყვიტე ავტოტრანსპორტით წავსულიყავი. მაგრამ განწყობა?
ჩემი სულიერი მდგომარეობა ზუსტად გამოიხატებოდა გია მატარაძის ლექსით, რომელსაც აქვე მოვიყვან:
„წავალ − არ ვიცი სად…
ვნახავ − არ ვიცი ვის…
ვეტყვი − არ ვიცი რას…
გავყვები მარტო გზას.
ხომ სადმე მივალ?!
ხომ დამხვდებიან იქ?!
ჰოდა, სულ ერთია….
სად…
ვის…
რას…
გავყვები მარტო გზას“…
ეს მართლაც ასე იყო, წასვლა მინდოდა, ზუსტად არ ვიცოდი − სად, უნდა მენახა, კონკრეტულად არ ვიცოდი − ვინ, საუბარი საიდან დამეწყო, არც ეს ვიცოდი. უბრალოდ, გზას უნდა გავყოლოდი… ასეც მოვიქეცი.
– სულ პირველი განცდა, როცა იმ მიწაზე დადგით ფეხი….
– თბილისიდან ბაქომდე მატარებლით გავემგზავრე. ბაქოდან სასაზღვრო ქალაქ ასტარამდე ტაქსით წავედი, სადაც საზღვარი გადავლახე და უკვე აღმოვჩნდი ირანის ტერიტორიაზე. ავტოსადგურშიც ტაქსით გავედი.
გზაში მძღოლი „ტატუს“ სიმღერებს მასმენინებდა, თან ბოდიში მომიხადა, ქართული არაფერი მაქვს და რუსული ხომ გესმისო. ავტოსადგურში მიუსვლელად გამიყვანა ტრასაზე, რადგან ავტოსადგურში 4 საათი ლოდინი დაგჭირდება, ტრასაზე გამვლელი ავტობუსი უფრო ადრე მოვა და თან უფრო იაფიც იქნებაო. მართლაც შვიდი წუთის შემდეგ უკვე ავტობუსში ვიჯექი და თეირანისკენ მივემგზავრებოდი.
თეირანში გადავჯექი მეორე ავტოსადგურში, საიდანაც უკვე ისპაჰანში გავემგზავრე.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ირანელი ხალხის სტუმართმოყვარეობის შესახებ. ჩემ გვერდით ხანშიშესული მამაკაცი იჯდა, როგორც შემდეგში გავიგე – მაანზელ თაჰაბური, რომელმაც წინ მჯდომი სტუდენტი ახალგაზრდის დახმარებით ინგლისურად საუბარი გამიბა, როდესაც გაიგო ჩემი მოგზაურობის მიზანი, ძალიან მოეწონა, დასტურად უახლოეს გაჩერებაზე ყურძნის წვენზე დამპატიჟა, სტუდენტმა ახალგაზრდამ კი ნამცხვარი გამომიგზავნა.
სამწუხაროდ, ჩემი ჩანთა ჩაბარებული მქონდა, ასე რომ საპასუხოდ სუვენირები ვერ ვაჩუქე, სამაგიეროდ ჯიბეში შემთხვევით დარჩენილი ხურდა ფული აღმომაჩნდა, ახლო-მახლო სხვა მგზავრებსაც ვაჩუქე და თან ავუხსენი მათზე გამოსახული მზის სიმბოლოს, ბორჯღალის მნიშვნელობა, რაც პასპორტზეც იყო ასახული. როცა მათ განვუმარტე, რომ ძველად, საქართველოში ყველა მცხოვრები სახლის შესასვლელში ან ხის თაღებზე გამოსაჩენ ადგილზე ბორჯღალს ამოჭრიდა, როგორც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოს, ძალიან ესიამოვნათ, ყველამ დამპატიჟა თავის სახლში, გავცვალეთ მისამართები და ბოლოს თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ისპაჰანში დილის 7 საათზე ჩავედი. მაშინვე დავიწყე მარტყოფისკენ მიმავალი ავტობუსის მოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი გავარკვიე. მერე შემხვდა პიროვნება, რომელიც ინგლისურად გამართულად ლაპარაკობდა, მან მირჩია, რომ ჯერ ჩავსულიყავი ფერეიდანში და იქ გამერკვია მარტყოფის ამბავი, თან ტაქსი დამიქირავა და მძღოლს აუხსნა, სადაც მივდიოდი.
ისპაჰანიდან ფერეიდანამდე 4 საათი დაგვჭირდა. გზები აქაც კარგად გაკეთებული იყო. პეიზაჟები კი რუხი ან ნაცრისფერი. შეიძლება ითქვას, რომ არცერთი ხე, ბუჩქი, ბალახიც კი არ მინახავს. შიგადაშიგ სათბურები გვხვდებოდა, სადაც თურმე ვარდები გამოჰყავთ. გზაში ერთ უკაცრიელ ადგილზე მანქანა გაგვიჩერდა, მძღოლს მეც მივეხმარე და გზა ისევ გავაგრძელეთ.
– არ შეიძლება, არ აღვნიშნო, რომ ამხელა გზაზე მარტო წასვლის და ამდენი წვალების გამო  მეორე ლადო აღნიაშვილი გიწოდეს… ქართველი საზოგადო მოღვაწეპედაგოგიეთნოგრაფიფოლკლორისტი, პირველი ქართველი, რომელიც მარტო წავიდა მოინახულა ფერეიდნელების სანახავად…
– ლადო აღნიაშვილი 1894 წელს ცხენით გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად.
ფერეიდანში რომ შევდიოდით, გზაზე ორი ახალგაზრდა შეგვხვდა. მანქანა ჰქონდათ გაფუჭებული და მოსვრილ-მოთხვრილები დაღონებულები აკეთებდნენ. ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადავიდა და სპარსულად ჰკითხა, როგორ მივსულიყავით მარტყოფამდე. მცირე საუბრის შემდეგ ტაქსის მძღოლი გაღიმებული მობრუნდა და მანიშნა, ყველაფერი კარგად არისო, მეც მივბრუნდი ახალგაზრდებისაკენ და მექანიკურად ქართულად მადლობა გადავუხადე. ამ ახალგაზრდებს უცებ გაუნათდათ სახეები და მაშინვე ჩემთან მოცვივდნენ, თან გამართული ქართულით მეკითხებოდნენ, თქვენ ეს სიტყვა საიდან იცითო.
მეც სიხარულით ავუხსენი, რომ საქართველოდან ვიყავი სპეციალურად მათთან ჩასული გასაცნობად და სამეგობროდ, რომ საქართველოში ყველამ იცის მათი ტკივილიანი ისტორია და ბევრს აქვს  მათთან ჩასვლის და გაცნობის სურვილი.
ეს იყო ენით აუწერელი განცდა მათთვისაც და ჩემთვისაც, რომელსაც ვერანაირი სიტყვით ვერ გადმოსცემ, უბრალოდ უნდა პირადად განიცადო. ამხელა მომქანცველი გზის შემდეგ უცებ მივხვდი, რომ უკვე სახლში ვიყავი, სახლში სადაც აქამდე ნამყოფი არ ვიყავი…
მწერალი – ფერეიდანში, ორჯერ იმოგზაურეთ,  ირანული დღიურებიდან რას გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
– ყველა ამბავი და შეხვედრა განსაკუთრებულია, მაგრამ მაინც გამოვყოფ ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდს ისპაჰანში, რომლის ნახვის სურვილი დიდი ხანია მქონდა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ხიდი ორსართულიანია, აშენებულია თხელი ქართული აგურით, მის ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი, იგი დაახლოებით 100 მეტრის სიგრძისაა, განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის, ხიდის ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი და ყველაზე მთავარი − ხიდს 33 თაღი აქვს, რაც ქართული ანბანის 33 ასოს შეესაბამება (თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც).

„სი–ო–სე–ფოლი“

ისპაჰანის დედა მდინარეო, ზაიანდერუდ
ბევრი სამკაული გილამაზებს ლაპლაპა სხეულს!
შუა წელზე კი ოთხასწლიანი ვერცხლის ქამარი –
ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდი გამშვენებს!
ტყვედ გაყიდული ბავშვობაში
საქართველოდან სპარსეთში რომ ჩამოიყვანეს…
აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედიო,
ესალმება ოცდაცამეტივე თაღს ინა ინარიძე.
ყველა გურჯი ხომ მაგ ხიდთან მოდის, ხელით ეხება
და მოწიწებით თაყვანს სცემს ქართულ აგურებს
ორსართულიანს, ას მეტრზე გადაჭიმულს…
დედა მდინარეო, რატომ ხარ ჩუმად
რატომ არ გვიმხელ მაგ საიდუმლოს?
შენ მაინც გეტყოდა, ან მიხვდებოდი…
ქრისტეს ასაკი თუ ასოები ქართველთ ანბანის?
ცაში შვიდფერი ცისარტყელაა, მიწაზე კი –
ალავერდი-ხან უნდილაძის „სი-ო-სე-ფოლი!“

გიორგი ალავერდაშვილი

„ალავერდი-ხანი, ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე, გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი (ყულის ჯარის − გვარდიის სარდალი), ფარსის პროვინციის ბეგლარ-ბეგი, შაჰ-აბასის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603-12). ისპაანში ააშენა ხიდი მდინარე ზენდერუდზე, რასაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. ალავერდი-ხანი მოულოდნელად გარდაიცვალა შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობის წინ. არსებობს ვერსია, რომ იგი მოკლეს შაჰის მითითებით. შაჰ-აბასის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარ-ბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა − ყარაბაღისა” (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, პირველი ტომი).
ინტერნეტსაიტის http://www.fereidani.ge  ავტორი ხართ. ალბათ ვებგვერდის შექმნაც  ფერეიდანში მოგზაურობამ განაპირობა… ეს საიტი არქივიცაა, იქაური ქართველების შესახებ საინტერესო ცნობებს რომ ინახავს…
– რა თქმა უნდა, ვებგვერდის შექმნა ფერეიდანში მოგზაურობამ განაპირობა. პირველად 2005 წელს სრულიად მარტო გავემგზავრე ფერეიდანში ჩვენს თანამოძმეთა და თანაფესვთა გასაცნობად და მოსანახულებლად. იმდენად დიდი იყო ემოცია, რომ დაბრუნებისას იქ გადაღებული ფოტოებით შევადგინე ალბომი და ყველას ვაცნობდი. ჩემს ვაჟს, ირაკლის „შევებრალე“ და გამიკეთა საიტი: www.fereidani.ge, სადაც ჩადო ჩემი პირველი „მოგზაურობა დროში, ანუ ფერეიდანი“. მეორედ კი 2007 წელს გავემგზავრე ფერეიდანში უკვე მეგობრებთან ერთად. ასე დაემატა საიტს ჩემი მეორე მოგზაურობა – „…და ისევ ფერეიდანში“.
საიტმა მალე მოიხვეჭა პოპულარობა… უამრავი წერილი მიიღეთ თავად ფერეიდნელი ქართველებისგან…
 ჩემდა სასიხარულოდ, საიტი პოპულარული გახდა არამარტო საქართველოსა და ირანში, არამედ მთელ მსოფლიოში გაფანტულ პატარ-პატარა საქართველოებშიც.
ელექტრონულ ფოსტაზე ყოველდღე ვიღებდი წერილებს ფერეიდანზე და საქართველოზე შეყვარებული პიროვნებებიდან: მარეხ ტოგონიძე, თეა კანდელაკი, ჯონი კვარაცხელია, მევლუდ ართვინლი (გოგლიძე), ოთარ ზურაბიშვილი, ოთარ პატარიძე, ლუკა მელუა ბარნოვი, გოჩა ლაღიძე, არჩილ ზოიძე, ორჰან ბერიძე, ელისო წიკლაური, ლევან ხუციშვილი, ხათუნა გრძელიშვილი, ჯიმშერ ბედიანაშვილი, ჯიმი დაბრუნდაშვილი, უშანგი რიჟინაშვილი, ქეთევან ბერიანიძე, ბადრი ქუთელია, რუსუდან გულედანი, მურატ ძნელაძე, მანანა ტონია, თემურ ფირაშვილი, ზურაბ გონაშვილი, მაკა გუგუჩია, დიდარი მიქელაძე, საიდ მულიანი, ალექსანდრე იოსელიანი, დავით გუგუნაშვილი, აქბარ მოყადასი, ჰენრი კუპრაშვილი, ლეილა კვირიკაშვილი, ხათუნა გალდავა, როსტომ ბერიძე და სხვა. ასე ემატებოდა საიტს ახალი ბლოგები.
იმ პერიოდში ჩემი ვაჟი ირაკლი, არქიტექტურის ფაკულტეტზე მეხუთე კურსზე იყო. სადიპლომო პროექტებზე მუშაობდა, მაგრამ ვინ აცლიდა თავისი საქმე გაეკეთებინა? აი, ასეთი მამა ვარ. ერთსაც დავამატებ: საიდ მულიანი ბათუმში ყოფილა ჩამოსული ოჯახთან ერთად, იქ ერთ-ერთ ორგანიზაციას უთხოვია სიტყვით გამოსულიყო. ბატონი საიდი შემდეგში დამიკავშირდა და მადლობა გადამიხადა, თქვენი საიტიდან უცებ ამოვკრიფე ის ინფორმაცია, რაც მოხსენებისთვის მჭირდებოდაო.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ბატონ საიდ მულიანის დიდი დამსახურება ფერეიდნელი ქართველების და ქართველი ფერეიდნელების წინაშე. მის შესახებ ყველაფერს ვერ ჩამოვწერ, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო: იგი არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომისა „ქართველთა როლი ირანის ისტორიაში, კულტურაში და ცივილიზაციაში“, რომელიც მხოლოდ სპარსულ ენაზეა და რა ხანია ველოდებით მის ქართულ თარგმანს.
ისევ საიტს მინდა მივუბრუნდე – სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო ხანებში შეწყვეტილი მქონდა საიტის ადმინისტრირება, მაგრამ რაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახდა ჩვენი პრეზიდენტი, კვლავ ვაგრძელებ ჩემს საქმეს და საიტს ახალი, თორელის 238-ე ბლოგიც დაემატა: „პირველი ქართველი, რომელიც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა… რა უთხრა შაჰ-აბასს გიორგი თორელმა?“
გიორგი თორელთან ინტერვიუ ჩემი დაწერილია, მიხარია, რომ ფერეიდნელები თქვენი საიტის მეშვეობით გაეცნობიან!… მაინტერესებს, უწინ მათ იმედები გაუცრუვდათ, ახლა რამდენად სურთ საქართველოში დაბრუნება?
– უწინ მათ იმედები გაუცრუვდათ, ახლა რამდენად სურთ საქართველოში დაბრუნება? – ადრე სხვა დრო იყო, მათი იმედგაცრუება ყოფითი პრობლემებით იყო გამოწვეული… თუმცა არც ახლაა მთლად სახარბიელო მდგომარეობა!
ძალიან ბევრ ფერეიდნელ ქართველს (მე ვამბობ ფერეიდნელ ქართველს და არა ნებისმიერ ირანელ ბიზნესმენს) სურს თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი ფერეიდნელი მეგობრის აზრით: „შაჰაბას ქართველები ხმილით წაუყვანია ირანში, საქართველოს მთავრობა კი კალამით არ უშვებს, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში“.
მე, როგორც ირანში და კერძოდ ფერეიდანში ორჯერ ნამყოფს, უფლება მაქვს ფერეიდნელ ქართველებს გავუწიო რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე. გამიცია კიდეც რამდენიმე ასეთი რეკომენდაცია მხოლოდ მათზე, ვისაც პირადად და მის ოჯახის წევრებს ვიცნობ, მაგრამ მე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინ ფერეიდნელი ქართველების საპროტესტო აქციაც მახსოვს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს.
– იმედია, ეს დამოკიდებულება შეიცვლება…
– ღრმად ვარ დარწმუნებული,  ახლა ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება! ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს და ფერეიდნელ ქართველობასაც, ქალბატონი სალომე ხომ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის სათავეში იდგა და მისი პირველი მეუღლეც წარმოშობით ირანელი ქართველი გორჯესტან გუგუშვილი იყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონ სალომეს უდიდეს პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, პიროვნებას და დედას!
– როგორც შეიქმნა კრებული „ჯიბით სატარებელი ლექსები“, რომელიც ფერეიდნელ ქართველებს უსახსოვრეთ…
– ლექსები ბავშვობიდან მიყვარს! არის ლექსები, რომლებიც ერთი წაკითხვისთანავე ილექებიან შენს მეხსიერებაში და საჭირო მომენტში თვითონ გახსენებენ თავს. სწორედ ასეთი კრებული წავიღე თან, რომელსაც „ჯიბით სატარებელ ლექსებს“ ვეძახდი და წამალივით სულ თან დავატარებდი.
ირანში პირველი მოგზაურობის დროს გზაში შიშმა შემიპყრო. კარგად მოგეხსენებათ, ირანი როგორი ჩაკეტილი ქვეყანა იყო. ცოცხალი ჩამოვაღწევდი თუ არა საქართველომდე, არც მაგაში ვიყავი დარწმუნებული… მაგრამ მაინც მივდიოდი!
ისპაჰანში ბატონ რეზო დავითაშვილის ოჯახში მოვხვდი, გავიცანი მისი საოცრად სათნო და კეთილი მეუღლე − ქალბატონი თურანი, ვაჟიშვილი − დავითი და რძალი − ქეთევან ფანიაშვილი და ქართული სულით გაჟღენთილი სახლი, წიგნის თაროებზე კი ქართული წიგნები, კედლებს ქართულ ენაზე ამოქარგული აფორიზმებიანი ხალიჩები ამშვენებდა, როცა მათი წარმოშობით დავინტერესდი, ბატონმა რეზომ მითხრა, რომ აფორიზმები და ტექსტები მისი შერჩეულია და ჯერ შაბლონზე წერს, შემდეგ კი ქალბატონი თურანი დაზგაზე დიდი დაკვირვებით და სიყვარულით ქსოვს.
აღსანიშნავია, რომ ირანში ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, მათ მიერ დამზადებული ექსპოზიციებით ყოფილა გაფორმებული და მნახველებში დიდ მოწონებას იმსახურებდა.
მინდა მოვიყვანო რამდენიმე მათგანი: „დედა ენის დამვიწყებელ წყალზედ დედა გეტირება, ქართველო“, „შენგონია გაჩენილხარ მარტო ჭამა სვიმისათვის სუყველანი მგზავრები ვართ ამ ქვეყანაში ერთი მუვა და სხვა წავა. სახელითა ალაჰისა მოწყალისა მწყალობელისა“ და სხვა.

მიხა ხელაშვილის შვილი – თამარი

ამ ჭეშმარიტად პატრიოტულმა ქართულმა გარემოცვამ გამახსენა ჩემი „ჯიბით სატარებელი ლექსები“, სურვილი გამიჩნდა, მათთვის გამეცნო: პირველად წავიკითხე შოთა ჩანტლაძის მინიატურული ლექსი „წავიდა თოვლი, მოვიდა მიწა“, ბატონმა რეზომ ზუსტად ისე აღიქვა ეს ლექსი, რა ასოციაციებსაც ჩემში იწვევდა, არადა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა მოსმენის შემდეგ, შემდეგ იყო გია მატარაძის „წავალ, არ ვიცი სად…“, საადის „გულო უწყოდე მეგობარი სამი ჯურისა“ (ამის საპასუხოდ ბატონმა რეზომ სპარსულად წაგვიკითხა იგივე), ვაჟა-ფშაველაზე მიძღვნილი ლექსი „იყო კაცი მთა და იყო კაცი ბალახი“ (მისი მოსმენის დროს ბატონ რეზოს ცრემლები მოადგა თვალებზე), მანანა ჩიტიშვილის საოცრად კახური „პაპის ნათქვამი“, ბერდია ბერიაშვილის „ასანური“ − ჩემი მშობლიური სოფელი და მრავალი სხვა.
რა თქმა უნდა, ეს კრებული ოჯახს ვუსახსოვრე. ერთსაც დავამატებ: რამდენიმე ხნის შემდეგ ერთი ფერეიდნელი ჩამოვიდა საქართველოში. ბატონ რეზოს ოჯახში მოხვედრია სტუმრად და ეს კრებული უჩვენებიათ. ხმამაღლა კითხვა დავიწყე და ჩემდა გასაკვირად გამაჩერესო – გვინდა, რომ ისევ გიორგის ხმით წაკითხული გვახსოვდესო.
თქვენ შეხვდით მიხა ხელაშვილის შვილსთამარსროგორ გაიხსენებთ იმ დღეს ამ გადასახედიდან?
– საოცარი დღე იყო – 2007 წლის 21 ოქტომბერი – სწორედ ამ დღეს გავემგზავრე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში, მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, 86 წლის ქალბატონ თამარის მოსანახულებლად. თვით სოფელი საკმაოდ ღონივრად გამოიყურებოდა, რომელიც გზის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალბატონ თამარის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ კი სულ წამიხდა შთაბეჭდილება… საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილი იყო, დანგრევის პირზე მისული… ქალბატონი თამარი კი გადატიხრულ ვაგონში ცხოვრობდა…
− ბეჩავადა ვდგევარ, ბეჩავად… ფშავური კილოთი მომიბოდიშა ქალბატონმა თამარმა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის „ქალბატონოთი“ არ მიმემართა, ბებო დამიძახე, ასე უფრო მირჩევიაო, მე კი ჩემი ასაკი − 51 წელი გავუმხილე და ბოლოს შევთანხმდით, რომ ასე მივმართავდი − „დეიდა თამარ!“− ეს მიმართვა უფრო თბილია, რადგან დედასთან ახლოაო.
დეიდა თამარმა მოკლედ მომიყვა თავისი წარსული… პირველი, რაც ახსოვდა, იყო 2 წლის ბავშვის კოშმარი, თუ როგორ შეუცვივდნენ წითელი მილიციონერები, როგორ სცემდნენ დედამისს და ბებიას წიხლებით, თვით თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ… თოფის კონდახებით დაუმტვრევიათ კიდობანი, სადაც იარაღს ეძებდნენ, ან იარაღზე უფრო ძლიერ იარაღს − მიხა ხელაშვილის ლექსებს…
„პატარა რომ ვიყავი, 6-7 წლისა, ლექსობა დავიწყე. ერთ ვიღაც მეზობლის კაცს უთქვამს: „აე, ბალღი ლექსობს, მამის ფერი გამოვაო!“ გაჰკვირვებია პატარა თამარს და მაშინღა გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა…
დეიდა თამარმა მაჩვენა მთელი თავისი საგანძური − მიხა ხელაშვილის ხელნაწერები, რომლებიც დრო-ჟამს ისე გაეყვითლებინა და დაეცრიცა, რომ შეხებაც კი საშიში იყო. განსაკუთრებით დაზიანებული იყო ის ფურცლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოქვაბულებში ინახებოდა. მონუსხულით ვუსმენდი გარდასულ დღეთა მოგონებებს. ბოლოს ვთხოვე, ხელნაწერები ჩემთვის ეთხოვებინა, რომ დამესკანირებინა და ისე შემენახა.
გამომშვიდობებისას დეიდა თამარმა მაჩუქა მამამისის, მიხა ხელაშვილის წიგნი „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო“ წარწერით: „გიორგი ალავერდაშვილს, სახსოვრად მამაჩემის წიგნი, როგორც საქართველოსთვის თავდადებულ კარგ ქართველს. თითოეული ნამდვილი ქართველი მილიონი უღირს ჩვენს უფსკრულის კიდეზე მისულ ტანჯულ საქართველოს. სიცოცხლე და სიკეთე ყველა ნამდვილ ქართველს თქვენის ჩათვლით. 21 ოქტომბერი. ქვემო ქედი. თამარ მიხას ასული ხელაშვილი“.
მეორედ დეიდა თამარი 2011 წლის იანვარში საპატრიარქოს დედათა საცხოვრებელში ვნახე. ჩვენს სულიერ მამას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს მკაცრი ზამთრის გამო ჩამოუყვანია… თან მეგობრები მახლდნენ: მიხეილ ღანიშაშვილი და ია მშვიდობაძე. ქალბატონმა იამ დეიდა თამართან მთელი ჩვენი საუბარი ჩაიწერა. რამდენადაც ვიცი, ეს ჩანაწერი კიდევ არსებობს.
თქვენი ჰობი
– ჰობი? ჰობი ორი მაქვს! პირველი – ჩემი შინაურული საიტი www.fereidani.ge-ს ადმინისტრირება, რომელსაც მესამე შვილად მივიჩნევ და მოფერებით „ფერეიდუნას“ ვეძახი, რომელიც უკვე 14 წლისაა  და მეორე ჰობი საქართველოში მივიწყებული კულტურის – ფისტას აღორძინებაა!
ფერეიდანში ჩემი პირველი მოგზაურობის დასასრულს საიდ მულიანის მეუღლემ, ქალბატონმა ირანამ გზაში დროის გასაყვანად ცელოფანის პაკეტით ჩვენებური მიწის თხილის მსგავსი ნაყოფი გამომატანა, რომელსაც საკმაოდ მაგარი, ნიჟარისებური გარსი ჰქონდა (ფისტა – Pistacia vera L.).
ნაყოფი მარილიან წყალში იყო გავლებული, შევამჩნიე, რომ 9 მარცვალი გაღივებული იყო და შევინახე. თბილისში რომ დავბრუნდი, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და აღტაცებული დავრჩი.
ფისტა თურმე 700 წელს ცოცხლობს და იძლევა მეტად ძვირფას ნაყოფს, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კაკალია. მისი ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ფისტა, როგორც საწარმოო კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის საკვები თვისებებითაა საინტერესო, მაგრამ იგი ამავე დროს დიდად საინტერესო და პერსპექტიულია ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული წარმოებისათვის, ასევე – ჰომეოპათიისათვის.
ეს 9 მარცვალი 2006 წლის გაზაფხულზე დავთესე თბილისში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, აქედან 7 ამოვიდა, 4 ძირი ვაჩუქე დავით გარეჯის მოძღვრებს, დარჩა 3 ძირი. მეათე წელს პირველი მოსავალი – 2 მარცვალი მივიღე, მეორე მოსავალი კი 95 მარცვალი მივიღე. აქედან ზოგი მეგობრებს ვაჩუქე, ზოგი კი კახეთში, მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთში დავთესე. ამჟამად მაქვს 13- წლიანი 3 ძირი თბილისში, 6 წლიანი 5 ძირი – წნორში და 1- წლიანი 23 ძირი წნორის მიწის ნაკვეთში, სულ 31 ძირი.
დიდი სურვილი მაქვს, გამომიჩნდნენ მიმდევრები და საქართველოში ავაღორძინო ეს კულტურა.
მეუღლე და შვილები
–  სიამოვნებით: მეუღლე – თამარ თოფჩიშვილი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი-პედიატრი, ოჯახის ექიმი, ევექსის კლინიკა. რამდენიმე ხნის წინ ევექსის კლინიკამ დააჯილდოვა სიგელით „ადამიანი აღმოჩენა“. ერთ-ერთმა მადლიერმა პაციენტმა ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ეს „ევექსმა“ აღმოაჩინა ახლა, თორემ ჩვენ, პაციენტებს დიდი ხანია აღმოჩენილი გვყვავს ჩვენი თამარი ექიმიო“. ვაჟი – ირაკლი ალავერდაშვილი – არქიტექტორი, უკვე 10 წელია ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობს და სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს პროგრამისტად.

ალავერდაშვილების ოჯახი

ქალიშვილი – სოფიკო ალავერდაშვილი -საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამავდროულად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, კითხულობს ლექციებს თსუ-ში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
სასიამოვნო სიახლე – 2 თვის წინ ირაკლი დაოჯახდა, რძალი ბორჯომელი გოგონაა, იურისტი. ისიც ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მადრიდში.
სამომავლო გეგმები…
– რაც შეეხება გეგმებს – დიდი სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ ჩავიდე ფერეიდანში ჩვენი თანაფესვი და თანაერი, თბილსისხლიანი ქართველების სანახავად; კიდევ ერთხელ გავიარო ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდზე; მოვიხულო ქეთევან დედოფლის წამების ადგილი შირაზში; პატივი მივაგო ერაყის ომში დაღუპული ქართველების საფლავებს და რაც მთავარია, ფეხით ავიდე ტკივილიან ციხემთაზე. თუ რატომ „ტკივილიანი ციხემთა“, ეს უკვე დაწვრილებით ნახოთ საიტზე:  www.fereidani.ge.
ღმერთს ებარებოდეთ,- როგორც ფერეიდანში იტყვიან.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები