გლდანის ციხეში ადვოკატი და ყოფილი პატიმარი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – დაწყებულია გამოძიება

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში პატიმარ ირაკლი თათრიშვილსა და მის ყოფილ ადვოკატს გიორგი მდინარეძეს შორის მომხდარი ინციდენტის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, – ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ირაკლი თათრიშვილი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სასჯელს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით იხდის. რაც ქურდობას, ბინაში შეღწევით გულისხმობს.
ინციდენტი პატიმარსა და ადვოკატს შორის წელს 10 იანვარს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.
თავად ადვოკატი გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს. როგორც ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ „კვირას“ განუცხადა, მასსა და მის ყოფილ კლიენტს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მოხდა, როდესაც იგი ირაკლი თათრიშვილს უკვე აღარ იცავდა.
ადვოკატი „კვირასთან“ საუბრისას მომხდარის დეტალებს იხსენებს.
„ამ პატიმარს სრულიად შემთხვევით შევხვდი დაწესებულებაში. სხვა პატიმართან ვიყავი შეხვედრაზე და სრულიად შემთხვევით შევხდი. მივესალმე, მოვიკითხე და დამშვიდობებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა კამერების წინ. მას ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში ვიცავდი. მერე განაჩენი სააპელაციო სასამართლოშიც გავასაჩივრეთ.
თავდაპირველად იგი დანაშაულს აღიარებდა, თუმცა როდესაც მე ჩავერთე საქმეში, პირველი ჩვენება გადათქვა და ქურდობის ფაქტს აღარ აღიარებდა. ბუნებრივია, როგორც ადვოკატი მის ინტერესებს ვიცავდი. მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი განაწყენდა. ტელეფონით დამირეკა და დამემუქრა. მე მაბრალებდა გამამტყუნებელ განაჩენს. მანამდე მიჩიოდა ეთიკის კომისიაშიც, სადაც დადასტურდა მისი ტყუილები. გადამეკიდა. 10 იანვარს შემთხვევით შევხდი, ჩემს მიმართ შეურაცხყოფა დაიწყო. მაგინებდა, ხელ-ფეხს მიქნევდა. გავითვალისწინე, რომ ეს ყველაფერი კამერების თვალწინ ხდებოდა და არ ავყევი. ახლა მიჩივის და ამბობს, რომ თავში რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყაო. რაღაცებს მაბრალებს. ეს ყველაფერი კამერებმა დააფიქსირეს და გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიება სხვა მუხლით გადაკვალიფიცირდეს, აშკარად მუქარა იყო ჩემს მიმართ, შეიძლება გამოძიება სსკ-ის 365-ე მუხლით შეიცვალოს (რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას სამართალწარმოების განხორციელებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით, იგივე ქმედებას, ჩადენილი პროკურორის, გამომძიებლის, დამცველის, ექსპერტის, აღმასრულებლის, სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, გამოძიებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე),” – განუცხადა “კვირას” ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ რომ 10 იანვარს მომხდარი ინციდენტის შედეგად პატიმარს – ირაკლი თათრიშვილს დაზიანება არ აღენიშნებოდა.
„2019 წლის 10 იანვარს N8 პენიტენციური დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, ირაკლი თათრიშვილი მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გიორგი ბერიძესთან შეხვედრის მიზნით მე-3 სარეჟიმო კორპუსიდან გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის მე-4, ე.წ. საგამოძიებო სართულზე. 16:42 საათზე შეყვანილ იქნა შეხვედრების N10 ოთახში, სადაც მას ელოდებოდა ადვოკატი.
დაახლოებით 16:56 საათზე ადვოკატმა გიორგი ბერიძემ, მსჯავრდებული ირაკლი თათრიშვილის თხოვნით, შეხვედრების ოთახში მიიწვია ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც მე-4, ე.წ. საგამოძიებო სართულის დერეფანში იმყოფებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის მიზნით.
მდინარაძის შესვლის შემდეგ, მსჯავრდებული მოულოდნელად გახდა აგრესიული და ადვოკატ გიორგი მდინარაძისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, რის საპასუხოდაც მდინარაძემ თათრიშვილს საქაღალდე ესროლა, რომელიც მსჯავრდებულს მსუბუქად მოხვდა თავის არეში.
ხმაურზე დაწესებულების თანამშრომლების მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება და მდინარაძესა და თათრიშვილს შორის კონფლიქტი აღარ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში (აღნიშნულ ოთახში ხორციელდება 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა). მორიგე ქირურგმა დაუყოვნებლივ განახორციელა როგორც ირაკლი თათრიშვილის, ასევე, გიორგი ბერიძისა და გიორგი მდინარაძის შემოწმება-დათვალიერება.
სამედიცინო ცნობების თანახმად, არცერთ მათგანს, გარეგანი დათვალიერებით, ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებოდა.
მსჯავრდებულ ირაკლი თათრიშვილის განმარტებით, მისი ყოფილი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მიმართ აგრესიული ქმედების მიზეზი გახდა ის, რომ იგი უკმაყოფილოა მისი საადვოკატო მომსახურებით.
ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“, – განმარტავენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში.
ცნობისათვის, პატიმარ ირაკლი თათრიშვილის საქმეს, რაზეც მას მსჯავრი დაედო, უზენაესი სასამართლო იხილავს და მას სხვა ადვოკატი იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები