გიორგი მიქაუტაძე: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის 9 დეპუტატის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც 2025 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.
როგორც გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. გარდა ამისა, იუსტიციის საბჭოს მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ დათქმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.
„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში არის ერთადერთი საშუალება დაშვებული გარდამავალი ნორმის სახით, რომელიც იძლევა საშუალებას პირველად გამწესების შემთხვევაში მოსამართლე არ დაინიშნოს უვადოდ და დაინიშნოს სამი წლის გამოსაცდელი ვადით.
ამის გარდა, სხვა დათქმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის. ნებისმიერი ინიციატივა იქნება წინააღმდეგობაში, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციასთან.
აქ იშველიებენ ამ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად ვენეციის კომისიის დასკვნას, რომ თითქოს ვენეციის კომისია მიესალმა იმ დასკვნას, რომ 2025 წლამდე შესაძლებლობა დაუშვა საქართველოს კონსტიტუციამ უვადოდ დანიშვნის შეჩერების. ესეც არის სიცრუე. ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ ის ერთადერთი გამონაკლისიც კი, რომელიც უშვებს პირველად გამწესების შემთხვევაში სამი წლის გამოსაცდელი ვადით მოსამართლის დანიშვნას, გაუქმდება 2025 წლიდან“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.
კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები