“პრიორიტეტები იმ საჯარო სკოლებზე გავრცელდეს, სადაც ინკლუზიური განათლება ხორციელდება და სადაც ეს მიმართულება უფრო მეტად განვითარებული და დანერგილია”

ძალიან სწორად და კარგად იცოდით, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება და რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ”, – ამ სიტყვებით პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მიმართა, რომელმაც დღეს დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა და სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების სტატუსი გააცნო.
„როდესაც თქვენ, ჯერ კიდევ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებოდით, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი განათლების, ინკლუზიური განათლების დანერგვას და როდესაც თქვენ მინისტრი გახდით, ჩემთვის ერთ-ერთი დამატებითი მოტივაცია სწორედ ეს იყო, რომ ძალიან სწორად და კარგად იცოდით, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება და რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, გასული წლის, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა მიიღო, რომლითაც სპეციალური პედაგოგის სტატუსის აღიარება მოხდა და ის გაუთანაბრდა პედაგოგის სტატუსს.
რატი იონათამიშვილის თქმით, ცოტა უცნაურია, როდესაც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს, ერთის მხრივ, იმ პრობლემებზე, რაც არის განათლების სისტემაში და მეორეს მხრივ, რეფორმისა და ცვლილებების წინააღმდეგია.
„მე ვფიქრობ, რომ განათლება არის ის სფერო, სადაც ყველა ერთნაირად უნდა ვიყოთ მონდომებული. ეს ჩვენი პოლიტიკური გადანაწილების სივრცე ნამდვილად არ არის”, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
მან მინისტრს თხოვნით მიმართა, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იმ სკოლებს დაეთმოს, სადაც ინკლუზიური სწავლება ხორციელდება.
„2019 წლის ბიუჯეტში ჩვენ გავაორმაგეთ სკოლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოები. მართალია, ამ თანხის განკარგვა უფრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება განათლების სამინისტროს პოზიციაც. მინდა გთხოვოთ, რომ პრიორიტეტები იმ საჯარო სკოლებზე გავრცელდეს, სადაც ინკლუზიური განათლება ხორციელდება და სადაც ეს მიმართულება უფრო მეტად განვითარებული და დანერგილია”, – მიმართა რატი იონათამიშვილმა მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები