ნუკრი ქანთარია: პარლამენტში უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს.
დეპუტატი განსხვავებული მოსაზრების მქონე დეპუტატებს ურჩევს, რომ ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიიღონ, ვიდრე კრიტერიუმები დაზუსტდება და პარლამენტში მოსამართლეთა სია შევა.
ქანთარია დეპუტატებისგან ამ ეტაპზე მსგავს გადაწყვეტილებას არ ელოდება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღონ, რადგან პროცესი მიმდინარეობს და მთავარი მოვლენები მაშინ იქნება, როდესაც კრიტერიუმები დაზუსტდება, კანონი მიიღება და პარლამენტში მოსამართლეთა სია შემოვა. მე პირადად, ამ დეპუტატებს ვთხოვდი და ვურჩევდი, ამისთვის შეენახათ მთელი ენერგია და დროზე ადრე არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონსტიტუციურ უმრავლესობას, თუ არ იქნება, მგონი, ეს აღარ წარმოადგენს დიდ საფრთხეს ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ქანთარიამ.
რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივას, დეპუტატი ვარაუდობს, რომ ცვლილებებს თავადაც მხარს დაუჭერს და გუნდის მხარდაჭერაც ექნება, რადგან უმრავლესობის შეხვედრაზე ამ თემას მკვეთრი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.
„ვფიქრობ, რომ ინიციატივას მხარს დავუჭერ. უფრო ზუსტად მინდა გავერკვიო, მაგრამ შექმნილი ვითარება ისე მიდის, დავუჭერ მხარს“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.
კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა. მას ხელს დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი აწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები