სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირიდან, გათავისუფლებულია უკრაინის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე.
ისინი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთივე ბრალდებულს საქართველოს ტერიტორიის დატოვება შეზღუდული აქვს.
ისინი მომავალ სხდომაზე, რომელიც 12 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დაცვის მხარემ დაკავებულების 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ დააყენა შუამდგომლობა.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ბრალდების მხარეც ეთანხმებოდა, შესაბამისად, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გათავისუფლებულია უკრაინის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე, ლუკა ჩხეტია.
რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, კურაგინსა და კლადკოს, მათი საქმე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ძირითად საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
სპეცოპერაციისას დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 4 დეკემბერს შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები