საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის – რამდენს შეადგენს საფასური
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.
“სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზის გამო, იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთის მხრივ, მძღოლისთვის და მეორეს მხრივ, დაზარალებულისთვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მე-5 მუხლი წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით ადგენს.
კერძოდ: მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;
მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00 – 90.00 ლარი.