61-ე სკოლის მოსწავლეები პატრულ-ინსპექტორის კითხვებს პასუხობენ – ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თბილისში, 61-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის მიზეზს იკვლევენ.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა შორენა ღუდუშაურმა განუცხადა, მე -11 კლასელ ორ მოსწავლეს შორის დაპირისპირება მეორე სართულზე, მეორე გაკვეთილზე მოხდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, ამ წუთებში მომხდარი ინციდენტის მიზეზის დასადგენად მოსწავლეები საპატრულო პოლიციელის კითხვებს პასუხობენ.
„მეორე გაკვეთილის დაწყებამდე თანაკლასელებს შორის შეკამათება მოხდა. ბუნებრივია, პედაგოგებმა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაძაბულობა განმუხტეს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ მომხდარა, მანდატურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ამ შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მოვიდა. ამ წუთებში მოსწავლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს, რათა გაირკვეს დაპირისპირების მიზეზი“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა, შორენა ღუდუშაურმა.
თბილისის 61 -ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
