გია აბაშიძე: ქალბატონი ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულიად მოგებული, თავად ქალბატონი ბესელიაა

პირადი ცხოვრების შესახებ მასალის სავარაუდო გავრცელებაზე ინფორმაციის გავრცელებით და ქალბატონი ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულიად მოგებულია თავად ქალბატონი ბესელია, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
აბაშიძე თვლის, რომ მსხვერპლად გადაქცევა თვითონ “მსხვერპლის” პროექტია.
“ვაცნობიერებ, რომ ჩემი ამ პირადი საჯარო ვარაუდის გამო, ზოგიერთნი ისევ “დამწვავენ კოცონზე”: არაერთგზის ვთქვი აქაც და რამდენიმე მედიასაშუალებაში – პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია! მსგავსის გაფიქრება არავის უნდა მოუვიდეს თავში და პრევენციაში სამართალდამცველთა როლი უმნიშვნელოვანესია! კარგია, რომ გამოძიება პირად ცხოვრებაზე ფარული ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებაზე მალევე დაიწყო. დაველოდოთ შედეგებს. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოება ერთსულოვანია ასეთი ამაზრზენი ფაქტების მიუღებლობაში. დღეს, რამდენჯერმე შემეკითხნენ თუ ვის ინტერესებში უნდა ყოფილიყო ამ ჩანაწერების გავრცელება იმ დროს, როცა ჯერ ერთი, საზოგადოება ამ მარაზმს ერთსულოვნად გმობს და მეორე, რა აზრი აქვს ამის სავარაუდო გავრცელებას, თუკი თავად ამ გამავრცელებელს და მის უკან მდგომთ გაანადგურებს? ვიმეორებ, ეს ჩემი პირადი ვარაუდია, არც “შეკვეთილი” და არც ე.წ. ვაკის პარკის სანდო წყაროს მიერ მოწოდებული.
​გადავხედე რა ფაქტებს, მოსაზრებებს, გამოხმაურებას. მიმაჩნია, საჯაროდ ვმსჯელობ, რომ პირადი ცხოვრების შესახებ მასალის სავარაუდო გავრცელებაზე ინფორმაციის გავრცელებით და ქალბატონი ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულიად მოგებულია თავად ქალბატონი ბესელია. დღეს, მან უკვე ყველა ნორმალურ ადამიანში, მათ შორის ჩემში, სოლიდარობა გააჩინა. “მოსამართლეების საქმის” წაგების შემდეგ, ხმის გავრცელება იმაზე, რომ ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს [და არა თავად ვიდეო], ეკა ბესელიასთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო, რადგან ჩვენ, ქართველები, რაინდული სულის ხალხი ვართ და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს ვიჭერთ. მით უმეტეს, თუ მსხვერპლი ქალია და მის ღირსებას ემუქრება საფრთხე. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ მსხვერპლად გადაქცევა თვითონ “მსხვერპლის” პროექტია. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, ‘პიარულად’ გავაანალიზე, თუ ვინ არიან მოგებულნი და ვინ წაგებულნი. თუმცა, დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს, რომლის უტყუარობაში არავის უნდა შეგვეპაროს ეჭვი. ეს სამართალდამცველთა პრესტიჟის საკითხია”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები