გამსახურდიების ადვოკატი: პროკურატურამ სამარცხვინო განცხადება გაავრცელა
მთავარი პროკურატურის გუშინდელი განცხადება სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ეხება პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადვოკატს გუშინდელ შეხვედრაზე ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, გეგმა არ წარუდგენია.
„ჩემი წუხილი მინდა დავაფიქსირო იმაზე, რომ პროკურატურა ასეთ სამარცხვინო განცხადებას ავრცელებს. ელემენტარულად ცრუობს, ვინაიდან არანაირი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა რაიმე სამოქმედო გეგმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრისას, არ ყოფილა. პირიქით, ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა გენერალურმა პროკურორმა აიღო და სრულიად გაუგებარია, თითქოს, გენერალური პროკურორი ჩემგან ელოდება რაიმე გეგმის წარდგენას, რომ იმის მიხედვით იმოქმედოს. დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება არის საქმის გამომძიებლების და პროკურორების თვითშემოქმედება. ჩვენ ვენდეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ერთადერთი კომპრომისი, რაც იმ მოცემულობაში ჩვენთვის მისაღები იყო, ეს იყო გენერალური პროკურორის პერსონალური განცხადება შეხვედრისას, რომ ის თვითონ უხელმძღვანელებდა გამოძიებას. ამიტომაც, ვერანაირი საგამოძიებო გეგმა ჩვენი მხრიდან წარდგენილი ვერ იქნებოდა“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მისი თქმით, აბსურდია იმაზე აპელირება, რომ, თითქოს, გენერალური პროკურორი ზის და ადვოკატის მომზადებულ გეგმას ელოდება, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განახორციელოს იმ საქმეზე, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, გენერალურ პროკურორთან შეხვედრას აპირებს.
„ეს გეგმა უნდა შემუშავდეს სამუშაო პროცესის შედეგად და ჩემი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ როგორღაც ჩამოვყალიბებულიყავით. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით. ჩემი მოსაზრებები საქმის გამომძიებელს და პროკურორს გადავეცი, მათ მოინიშნეს ეს კონკრეტული შეხედულებები, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. სრულიად გაუგებარი იყო ამის შემდეგ, ასეთი აბსურდული განცხადება, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი ელოდება ადვოკატისგან სამოქმედო გეგმას.
ჩვენთვის მთავარი რეალური შედეგებია. რაც შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ რიგში, საქმეს ჩამოშორდებიან ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება. ჩვენ, ყველას ერთად – ოჯახს, მასმედიას, საზოგადოებას რომ არ გვეყოჩაღა, დღეს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება იქნებოდა შეწყვეტილი.
საქმეში არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს მნიშვნელოვანი ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. პირველი პრეზიდენტის მკვლელები, რომლებიც ჯერ კიდევ აქტიურად არიან ინტეგრირებულები სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურასა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, უმკაცრესად დაისაჯონ”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან შეხვედრა გუშინ გაიმართა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან გამართულ შეხვედრაზე ადვოკატს არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
„ერთი თვის წინ, გენერალურ პროკურორთან გამართულ შეხვედრაზე, ცოტნე გამსახურდიამ და მისი ინტერესების დამცველმა მიიღეს შეთავაზება, მოემზადებინათ და წარედგინათ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესების გათვალისწინებით, დაასახელებდა კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელთა ჩატარების მიზანშეწონილობასაც თავად მიიჩნევდნენ საჭიროდ”, – ნათქვამია განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე