მირიან ხოსიტაშვილი: „2019 წელს ვიწყებთ კიდევ უფრო მეტი გეგმით და იდეით, რომელიც მრავალი საინტერესო მასალის გამოცემას გულისხმობს“…
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მდიდარი საგამომცემლო საქმიანობით გამოირჩევა. „კვირა“ ესაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბატონ მირიან ხოსიტაშვილს და სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო ახალი გამოცემების შესახებ.
– ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ ბოლო დროს საინტერესო გამოცემები წარუდგინა მკითხველს. რომელ გამოცემებს გამოყოფდით?
– საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების გარდა, საგამომცემლო საქმიანობაა, რომელიც გულისხმობს იმ მნიშვნელოვანი მასალის გამოცემას, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. ასევე სამეცნიერო მასალას, რომელიც სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვან მეცნიერულ კვლევებს გულისხმობს.
ბოლო დროს მრავალი წიგნი გამოვეცით, ერთ-ერთი პირველი ეროვნული ბიბლიოთეკის ალბომია, რომელშიც მოქცეულია ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია, ისტორიული შენობების არქიტექტურა, მისი მშენებლობისა და განვითარების ისტორია, ფონდების დაკომპლექტება. ამ ალბომში ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი აისახა, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკას ეხება წარსულსა და დღევანდელობაში. ეს ალბომი ეროვნული ბიბლიოთეკის სავიზიტო ბარათად იქცევა.
– აფხაზეთის თემა მნიშვნელოვანია. წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ წარდგენა თურქეთში გაიმართა…
– „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ეროვნული ბიბლიოთეკის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა და თურქულ ენაზე ითარგმნა. წიგნი შეადგინა ნატო მარშანიამ.
თურქეთში საკმაოდ დიდი აფხაზური დიასპორაა. გასული წლის ბოლოს თურქეთში ამ წიგნის დიდი წარდგენა გვქონდა, გავაცანით იქაურ სათვისტომოს, როგორც აფხაზურს, ასევე ქართველებს. ქართველები და აფხაზები ერთ დარბაზში იყვნენ შეკრებილნი და ეცნობოდნენ იმ აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიას, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე თვლიდნენ, რომ აფხაზეთი უსაქართველოდ წარმოუდგენელია და სწორედ საქართველოსთან თანაცხოვრებით ესახებოდათ აფხაზი ხალხის მომავალი.
– ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილია აფხაზური კუთხე…
– აფხაზეთის თემაზე მრავალი წიგნის გამოცემას ვაპირებთ. მრავალი დოკუმენტური მასალაა ჩვენთან, სწორედ ამას მივუძღვენით აფხაზური კუთხის გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზურად ნათარგმნი ქართული ლიტერატურა და აფხაზური გამოცემები ერთ კუთხეშია განლაგებული. აქ შემომსვლელ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია დაათვალიეროს. ეს არის გზავნილი, რომ აფხაზებს დავანახვოთ, მათ ენას, კულტურას, ლიტერატურას პატივს ვცემთ. კიდევ იგეგმება მრავალი აქტივობა.
– უმნიშვნელოვანესია ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის გამოცემა…
– გამოცემის თვალსაზრისით ჩვენი ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პირველი ნაწილი შარშან გამოვეცით, მეორე ნაწილი ეგნატე გაბლიანზეა. იგი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა, იყო რეპრესირებული, იბრძოდა საქართველოსთვის, სვანეთისთვის, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მან კარგად აღწერა სვანეთის ყოფა და კულტურა. იგი სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელია.
ეგნატე გაბლიანის მოღვაწეობა ეთმობოდა სვანეთს, იმ პერიოდის პრესაში ძალიან საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა, გამოსცა სამი წიგნი, რომლებიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, ვინაიდან საბჭოთა დროს აკრძალული იყო და მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემორჩა რამდენიმე ეგზემპლარი, ისიც დაცულ ფონდში.
ეგნატე გაბლიანი თანამებრძოლებთან ერთად ეროვნულ განათავისუფლებელ მოძრაობას ედგა სათავეში და უნდოდა როგორც სვანეთის, ისევე მთელი საქართველოს განთავისუფლება ბოლშევიკებისგან. სამწუხაროდ, იგი ამ ბრძოლას შეეწირა , 1937 წელს დახვრიტეს. მისი მეცნიერული მუშაობა აქამდე არ იყო ცნობილი, ჩვენ ერთ წიგნად შევკრიბეთ და გამოვეცით, ამ წიგნის რედაქტორები არიან: პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი და მირიან ხოსიტაშვილი.
ვფიქრობ, ასეთი ქვეყნისთვის მებრძოლი და იტორიული პიროვნებისადმი მიძღვნილი წიგნი დიდი შენაძენია ჩვენი საზოგადოებისათვის.
2019 წელს გაგრძელდება ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის გამოცემა.
– კიდევ რომელ გამოცემებს გამოყოფდით?
– კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გამოცემაა „ფშავეთი და ფშავლები“. მასალები ერთ წიგნად შეკრიბა ტრისტან მახაურმა, წიგნის შინაარსი აგებულია დავით ხიზანაშვილის ჩანაწერების მიხედვით, რომლებსაც იგი მე-19 საუკუნის პრესაში წერდა ფშავის შესახებ.
ჩვენი ბიბლიოთეკის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელების ოფიციალური გამოსვლებისა და საგაზეთო სტატია-ინტერვუების წიგნად გამოცემა, რამდენიმე ტომი ამ სერიისა უკვე დაიბეჭდა, ცხადია დაინტერესებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, გამოიცაპირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია,
ჩვენ მრავალი მიმართულება გვაქვს. გამოვეცით ილია ჭავჭავაძის 18-ტომეული და დიმიტრი ყიფიანის ორტომეული.
ვაპირებთ გამოვცეთ და უკვე დაკაბადონების პროცესშია ტომეულები, რომელიც დამფუძნებელი კრების საქმიანობას ასახავს. 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წლეულს, 12 მარტს სრულდება შეკრებიდან 100 წელი. შესაბამისად, ამ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოცემა იქნება დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიული ჩანაწერები, ანუ სრული ფაქტოლოგიური დოკუმენტური მასალა იმ პერიოდის მკვლევართათვის და ზოგადად დაინტერესებული ადამიანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია,
გამოვეცით ისტორიკოს ოთარ ჯანელიძის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები“.
წიგნში უამრავ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ძალიან საინტერესოდაა გაანალიზებული პირველი რესპუბლიკის საქმიანობა. ამ მიმართულებით კვლევა საშური საქმეა, იმიტომ რომ დიდი ხნის მანძილზე პირველ რესპუბლიკაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ქართულ ისტორიოგრაფიაში, სპეციალურად მალავდნენ პირველი რესპუბლიკის დემოკრატიულ განვითარების ამსახველ ფაქტებს. მოსახლეობის დიდ ნაწილსაც, ვინც არ არის ისტორიკოსი, არასწორი შთაბეჭდილება აქვს შექმნილი. ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემების ერთ-ერთი მიმართულებაა, მრავალი გამოცემა მივუძღვნათ დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს, რაც დაანახვებს მკითხველს და ფართო საზოგადოებას იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ამ სამწლიანმა დამოუკიდებლობამ მოუტანა ქვეყანას. სამწუხაროდ, არ დასცალდათ პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, ის გზა გაეგრძელებინათ, რაც გულისხმობდა ევროპული დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას.
წელსაც მრავალი გამოცემის გეგმა გვაქვს, იმედი გვაქვს, ძალიან საინტერესო გამოცემები გვექნება. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, მათი ნაშრომები, კვლევები გამოქვეყნდება. ამის გარდა, ყველა ჩვენი გამოცემა უფასოდ ვრცელდება, ძირითადად, უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებში, ასევე ელექტრონულად იდება ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე, რომ ჩვენი გამოცემები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშნელოვანია. ნებისმიერი ტირაჟი, რაც არ უნდა გამოვცეთ, რეალურად ამოწურვადია. ხოლო ელექტრონული რესურსი გულისხმობს, იმას, რომ არასოდეს ამოიწურება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
– წიგნების გარდა, საინტერესო პერიოდული გამოცემებიც გაქვთ. ჟურნალი „ველური ბუნება“ კვარტალში ერთხელ გამოოიცემა. შარშან 4 ნომერი გამოიცა, წლეულსაც 4 ნომრის გამოცემა იგეგმება… ასევე გამოდის საბიბლიოთეკო მიმართულების ჟურნალი „საქართველოს ბიბლიოთეკა“…
– ჟურნალის შინაარსი გარემოს დაცვას, ეკოლოგიას, ყველაფერ იმას ასახვას, რაც სადღეისოდ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია. ეროვნული ბიბლიოთეკა ამ ჟურნალის გამომცემელია იმიტომ, რომ ბიბლიოთეკის დაარსებისთანავე, მე-19 საუკუნეში, პირველი ფონდი სწორედ გეოგრაფიულ და გარემოს დაცვით ლიტერატურას ეხებოდა.
მეფისნაცვლის კაცელარიის პირველი ფონდები, რომლებიც იქმნებოდა და ეროვნულ ბიბლიოთეკას, როგორც მემკვიდრისგან გადმოეცა, ძირითადად, სწორედ ამ სახის ლიტერატურა იყო. ანუ კავკასიის ფლორა-ფაუნისა და გეოგრაფიული აღწერილობის წიგნებზეა საუბარი. სწორედ ამიტომაც ამ ჟურნალში იმ სტატიების გარდა, რომლებიც იბეჭდება ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე, ასევე ქვეყნდება სტატიები ჩვენს ფონდებში არსებულ უნიკალურ გამოცემებზე.
ასევე გამოვცემთ ჩვენი დარგის, საბიბლიოთეკო მიმართულების, ნახევრად პროფესიული მიმართულების ჟურნალს „საქართველოს ბიბლიოთეკას“, რომელიც ასახავს საბიბლიოთეკო საქმეს. ასეთი ტიპის გამოცემა საქართველოში არ არსებობს. ჩვენ, როგორც საქართველოში არსებული მუნიციპალური ბიბლიოთეკების მეთოდური ხელმძღვანელი, ამ ჟურნალის მეშვეობით დამატებით კიდევ კონსულტაციას ვუწევთ და იმ ინფორმაციას ვავრცელებთ საბიბლიოთეკო ქსელში, რაც მეთოდურ საქმიანობას შეუწყობს ხელს. ჟურნალი ღიაა ყველა ბიბლიოთეკარისთვის, ისინი წერენ სტატიებს უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ასე ვთქვათ, ჩვენი დარგის მიმართულებით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცემაა.
– კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე გაქვთ – სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას აპირებთ…
– დიახ, ვგეგმავთ საერთაშორისო დონის სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას, სადაც, არა მარტო ჰუმანიტარული, არამედ სხვადასხვა დარგის მიმართულების სამეცნიერო სტატიები დაიბეჭდება, აუცილებელია, ისეთ სამეცნიერო-კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, როგორიც ეროვნული ბიბლიოთეკაა, ჰქონდეს წმინდა სამეცნიერო მიმართულების საერთაშორისო დონის ევროპული ჟურნალი. ვმუშაობთ ამ ჟურნალის გამოცემაზე, რომელიც მეცნიერებისთვის ძალიან საინტერესო იქნება..
2019 წელს ვიწყებთ კიდევ უფრო ბევრი გეგმით და იდეით, რომელიც მრავალი საინტერესო მასალის გამოცემას გულისხმობს. ბევრი მასალაა, რომელიც სხვადასხვა არქივშია და არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, ამიტომ ყოველდღიურად ვშრომობთ, რომ ის მასალები, რაც არ არის ცნობილი, საზოგადოება გაეცნოს და ხელმისაწვდომი იყოს.
თამარ შაიშმელაშვილი