საფრანგეთის სათხილამურო კურორტზე მომხდარ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები
2 ადამიანი გარდაიცვალა და არაუმეტეს 14 დაშავდა საფრანგეთის სათხილამურო კურორტ კურშეველზე მომხდარი ხანძრის შედეგად. ალპებში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFM-TV ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ხანძრის კერა ღამის საათებში, ადგილობრივი დროით 4:30 წუთზე, შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
კორპუსის ამ ნაწილში ცხოვრობდა საკურორტო ზონის 60 თანამშრომელი, მათ შორის უცხოელები. რაც შეეხება შენობას, ის კურშევალის ცენტრალურ ნაწილში, კრუაზეტის მოედანზე მდებარეობს. ხანძრის გამოწვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად მძიმე დაზიანებები ოთხმა ადამიანმა მიიღო, თუმცა მსუბუქი დაზიანებები შენობაში მყოფ ათობით პირსაც აღენიშნება. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ამ დროისთვის ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ცხედრები ადგილობრივმა მაშველებმა შენობის ნანგრევებში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 70 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.