გია აბაშიძე: მოსამართლე მოსამართლეს არ ჰგავს და ენჯეოშნიკი ენჯეოშნიკს

„როცა იმპერატიულად ლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი და საერთოდ არ ცდილობ თანამშრომლობას, რომ სასიკეთოდ გადაწყდეს საქმე – აი, იქ უკვე აღარ ხარ ენჯეოშნიკი“, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, ასთ სიტუაციაში უკვე სამოქალაქო საზოგადოებას კი არა, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენ.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ოდიოზურ ათკაციან სიაზე ატეხილმა სკანდალმა ბევრი თემა გააცოცხლა. მმართველ გუნდში არსებული მწვავე კრიზისი, არასამთავრობო სექტორში მომუშავეთა პოლიტიზირებული განცხადებები და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული სავალალო ვითარება. თანმიმდევრულად:
მოსამართლეთა შემოთავაზებული სიის გარშემო ხელისუფლება და საზოგადოება კონსტრუქციულ, საქმიან მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული – შეიქმნას ძლიერი ფილტრი, გნებავთ ე.წ. ფეის კონტროლი, რათა მოსამართლეებად არც ახლა, არც რეტროაქტიულად დეკემბერში წარმოდგენილი სიიდან და არც მომავალში ვერ ვიხილოთ ისინი, ვინც სამართლიან სასამართლოში ყველანაირი წესით თუ მორალით არ უნდა იყვნენ.
თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ‘კომბინაცია’. როცა იმპერატიულად ლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი და საერთოდ არ ცდილობ თანამშრომლობას, რომ სასიკეთოდ გადაწყდეს საქმე – აი, იქ უკვე აღარ ხარ ენჯეოშნიკი. იქ უკვე სამოქალაქო საზოგადოებას კი არა, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენ. ძლიერი ფილტრის, კრიტერიუმების შემუშავება-შეჯერებაზე არ შევთანხმდეთ? ან ყველაფერი, ან არაფერი? ეს ხომ ენჯეო ენა არ არის. ეს ხომ ნაცების ენაა და ამ ენაზე მოლაპარაკე არასამთავრობო ელიტის წარმომადგენელი ხომ დისკრედიტაციას ახდენს საკუთარი ორგანიზაციისაც და მთელი სექტორისაც?
ამიტომ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ლეგიტიმურია შეკითხვა, ეს პირადად მას ეკუთვნის, თუ ორგანიზაციას, რომელსაც ის წარმოადგენს. ხომ არ სჭირდება ამას რამე ‘დისქლეიმერის’ [სოლიდურ გამოცემებში წერილობით ნაშრომებში, სტატიებში, რედაქცია არ იღებს პასუხისმგებლობას ავტორის შეხედულებებსა და მოსაზრებებზე] დამატება?
მავანმა დამახინჯებულად რომ არ აღიქვას, აქცენტი მაქვს ორმაგ სტანდარტზე და არა ამ ავადსახსენებელი კოლექტიური მურუსიძეებსა და სხვა მსგავს მიუღებელი მოსამართლეების გამუდმივებაზე.
მოსამართლე მეთოფიშვილმა თავის საქმეს მიხედოს და პოლიტიკას შეეშვას, არაა ეს მისი საქმე აკეთოს პარტიული განცხადებები და არც ენჯეო-წარმომადგენელს შეშვენის პოლიტანგაჟირებული ტონი.
პოსტ სკრიპტუმის ნაცვლად, ჩემ ‘დისქლეიმერს’ დავწერ: კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობოთა ფაშისტურ კონტექსტში მოხსენიება. თუმცა, დემოკრატიაში ტაბუდადებული თემები არ არსებობს, ყველა შეიძლება იყოს კრიტიკის ქვეშ, მათ შორის სამთავრობო, საეკლესიო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ექსტრაპოლირება რომ ერთი-ორი ადამიანი წარმოადგენს სექტორს, ზეგადაჭარბებულად მეჩვენება, ისევე როგორც ის, რომ მეთოფიშვილი არაა საქართველოს სასამართლო და არც ეკა გიგაურია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება…“,- წერს გია აბაშიძე.

 

ნინა შადური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები