ირაკლი კობახიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის შთამომავლებს – მირიან და ელენე მელუებს შეხვდა.
მირიან და ელენე მელუებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სამახსოვროდ, ნიკოლოზ ჩხეიძის დიპლომატიურ პასპორტი გადასცეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი პარლამენტის სასახლეში გამოიფინება.
„ჩვენ შევხვდით საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, კარლო ჩხეიძის ოჯახის წევრებს. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის ღვაწლი, რომელიც ბატონ კარლო ჩხეიძეს მიუძღვის ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინაშე, საქართველოს წინაშე და მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ, მისი დიპლომატიური პასპორტის გადმოცემისთვის. ეს არის ჩვენთვის ნამდვილად საგანძური, რომელიც გამოიფინება საქართველოს პარლამენტში და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ეს დოკუმენტი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მირიან მელუას თქმით, დიპლომატიური პასპორტი, რომელიც ნიკოლოზ ჩხეიძის ოჯახში ინახებოდა, საქართველოს ეკუთვნის.
„ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და საპატიო მომენტი, ემოციური წუთები იყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც ოჯახში ინახებოდა, ეკუთვნის საქართველოს. ეს გახლავთ ის დიპლომატიური პასპორტი, რომლითაც კარლო ჩხეიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა და ცდილობდა, საქართველოს აღიარებისთვის მიეღწია და საქართველოს სახელი, რაც შეიძლება, შორის გაეტანა”,- აღნიშნა მირიან მელუამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, თანხლებ დელეგაციასთან ერთად, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ნიკოლოზ ჩხეიძის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ხსოვნას პატივს მიაგო.
სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს. მოვალეობის შესრულებას კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, პარიზის საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა.
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც, იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო. მან მოღვაწეობა პოლიტიკურ ემიგრაციაშიც აქტიურად გააგრძელა.
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე 1926 წელს, ლევილში გარდაიცვალა.

 

ნინა შადური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები