სოფო კილაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სიტყვის თავისუფლების სტანდარტმა არ დაიწიოს

“თუ ცილისწამებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყება მუშაობა, ახალი რეგულაციები კონსტიტუციის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, არ დაიწიოს სტანდარტმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ძირითადი პოსტულატების სახით არის წარმოდგენილი.
„ჩვენთვის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სტანდარტმა ქვემოთ არ დაიწიოს, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია სხვა სიკეთეებიც, როგორიც არის ადამიანის პატივი და ღირსება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ თუ ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ, ყველაფერი კონსტიტუციის ჩარჩოში უნდა იყოს. თუ ჩვენ ამ ფარგლებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოვახერხებთ, დავარეგულიროთ, რომ ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციური თავისუფლება არ დაირღვეს, იმავდროულად კი შევძლოთ ადამინების ცილისწამებისგან და ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელებისგან დაცვა, ეს მისასალმებელიც იქნება. ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერზე გვისაუბრია და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ როგორც ვხედავთ, არის მზაობა, ეს საკითხები დარეგულირდეს. ჩვენ ამას სრული პასუხისმგებლობით და მთელი სიფრთხილით მოვეკიდებით, რომ რაიმე ისეთი ნაბიჯი არ გადავდგათ, რომელიც დააზარალებს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ვერ დაიცავს მოქალაქეების ღირსებას, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები