თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობიდან სახელმწიფო დროშები გადმოიფინა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან დროშები გადმოიფინა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან, ყოველ 14 იანვარს აღინიშნება. გიორგი ტყემალაძის თქმით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივას თბილისის საკრებულოც შეუერთდა და ისტორიულ შენობაზე დროშები გადმოიფინა.
„თბილისის საკრებულო ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივას სიამოვნებით შეუერთდა. მინდა მივულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული აქცია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, სახელმწიფო დროშის დღე ეროვნული დღესასწაულია და ეროვნული დროშა ღირსების სიმბოლოა.
„სახელმწიფო დროშა უმთავრესად არის თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ოჯახების, ეროვნულობის სიმბოლო. ჩვენი ღირსების სიმბოლოა და მოხარული ვარ, რომ საკრებულო ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ წამოიწყო. სახელმწიფო დროშები დღეს არამარტო სხვადასხვა უწყებებიდან, არამედ ოჯახებიდანაც გადმოიფინება“ – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღებიდან, აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები