ეკა ბესელია: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მოსამართლეთა სიის განხილვა შეჩერდა

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე სიის განხილვა შეჩერდა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, კანონში მომზადდება ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა პარლამენტის სესიაზე. შეჩერებულიყო ამ საკითხის განხილვა და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რათა კანონში მომზადდეს ის ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და პოზიციაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა იმ ადამინის მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და საქართველოში სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიზანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობაში დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები