კახა კუკავა “კვირას” ექსკლუზივის გამო პროკურატურას უჩივლებს – პოლიტიკოსის ორმაგი სტანდარტი (ვიდეო)

კახა კუკავა, რომელმაც წლების განმავლობაში, საკუთარი პოლიტიკური გემოვნება რამდენჯერმე შეიცვალა და არაერთი პარტია გამოიცვალა, „კვირას“ ექსკლუზიურ მასალას, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გამოეხმაურა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, როგორც ჩანს, ტერმინი „ექსკლუზივის“ განმარტება არ იცის და ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვების ხერხებს „გვიწუნებს“.
კუკავა, რომელიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა პარტიის წევრი იყო, „კვირას“ მიმართ გამოთქმულ საკუთარ განცხადებებს ისევე ცვლის, როგორც საკუთარ პოლიტიკურ შეხედებულებს და მათ რამდენიმე საათში უარყოფს.
პოლიტიკოსი ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში იყო მიწვეული, სადაც „კვირას“ მიერ მომზადებულ იმ სტატიაზე ისაუბრა, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისთვის მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლო ბრალის წარდგენას უკავშირდებოდა.
„როგორც იურისტმა, მინდა განვმარტო, რომ „კვირა.ჯიმ“, თავისი საპროკურორო წყაროებით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, არამარტო იმიტომ, რომ ფორმალურად გამოძიების დაცული მასალები გაასაჯაროვა, არამედ, მთელი საქართველო, თუნდაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც „თიბისი ბანკში“, თავისი „ნაწვალები“ კაპიკები ანაბრების სახით აქვს გახსნილი, დადის ახლა, კითხულობს, რა ვქნათ „თიბისიდან“ გამოვიტანოთ ფული და გადავიტანოთ თუ არა სხვა ბანკშიო. აი, ის ოპერაცია, რაც ჩაატარა პროკურატურამ, რომ „კვირა.ჯის“ – თავის სამთავრობო პორტალს, მისცა ის ინფორმაცია, სადაც მთელი სისხლის სამართლის დეტალები იყო გაწერილი. ეს არის ცალკე სისხლის სამართლის დანაშაული და ის პროკურორი, რომელმაც ეს ინფორმაცია ჟურნალისტს მიაწოდა, უნდა ჩაჯდეს ციხეში.
ჯერ ერთი, რომ ფორმალურადაც დანაშაულია, და მეორე – ეხება ისეთ მგრძნობიარე სფეროს, როგორიცაა საბანკო სისტემა, რომელიც შეიძლება დაანგრიოს. უბრალოდ, კლიენტების უნდობლობა ეს არის ცალკე დანაშაული და მე მგონი, არავის არ გვინდა იმ დროში დაბრუნება, როცა „ოქროს თასი“ და მსგავსი რაღაცები გაიხსნა და მერე ათასობით მეანაბრე ჰაერში დატოვეს“, – ამის შესახებ კახა კუკავამ გადაცემა „ბარიერში“ განაცხადა.
სატელევიზიო ეთერიდან რამდენიმე საათში, „კვირა“ კახა კუკავას დაუკავშირდა, რათა უფრო კონკრეტულად გაგვერკვია, თუ რა იგულისხმა მან საკუთარ განცხადებაში.
თუმცა, პოლიტიკოსობის ამბიციის მქონე კახა კუკავამ განაცხადა, რომ ექსკლუზიური მასალის გამოქვეყნებით, დანაშაული ჟურნალისტმა კი არა, საგამოძიებო ორგანომ ჩაიდინა.

– როგორც იურისტმა, განგვიმარტეთ აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებისას, სისხლის სამართლის რომელი მუხლით ან პუნქტით ჩაიდინა „კვირამ“ დანაშაული¬?
– არ შემიძლია გითხრათ, მე თვითონ მომივიდა თუ არა უზუსტობა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რას ვგულისხმობდი. მე ვფიქრობ, რომ დანაშაული ჩაიდინეს პროკურატურამ და იმ თანამდებობის პირებმა, რომლებმაც პროკურატურას დაავალეს ამ მასალების „კვირა.ჯისთვის“ გადაცემა. ანუ დანაშაული ჩადენილი არის არა ჟურნალისტის მიერ, არამედ თანამდებობის პირის მიერ. რაც შეეხება ჟურნალისტს, ის უნდა გამოიკითხოს გამოძიების პროცესში, იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება ამ მასალების გამომჟღავნება. ჩემი მთლიანი აზრი, „კავკასიის“ ეთერში რაც განვაცხადე, ძალიან ცალსახად და მკაფიოდ ჩანდა, რომ პასუხისმგებელი, დამნაშავე და კრიმინალი არის გამოძიების ორგანო.
– საიდან ასკვნით ან რა მოსაზრებებს ეყრდნობა თქვენი განცხადება, რომ „კვირამ“ ექსკლუზიური მასალა პროკურატურიდან მოიპოვა?
– ეს არის ჩემი ძალიან გონივრული ვარაუდი. იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა მხოლოდ პროკურატურას, სხვას ეს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, ჩემი ვარაუდი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარისი არ არის და მე ასეც ვთქვი ჩემს ინტერვიუში, ძალიან მკაფიოდ, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება. უნდა დადგინდეს, საიდან მოიპოვა ეს ინფორმაცია „კვირა.ჯიმ“. თუ დადგინდა, რომ ის პროკურატურიდან არ მიუღია და შეიძლება „ლელა კაკულიამ“ მოუყვა, ნუ, ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გამომძიებელმა, ან პროკურორმა მოუყვა, რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული, რის გამოც, მათ პასუხი უნდა აგონ.
– ეს ექსკლუზიური მასალა იყო, რომელიც სანდო წყარომ მიაწოდა „კვირას“, ამას ჟურნალისტიკაში ექსკლუზივი ჰქვია და როგორც წესი, მსოფლიოში მედიას არავინ სჯის სანდო და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის… მით უფრო, როგორც იურისტს, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დაუდასტურებლად ასეთი ბრალდებების ღია ეთერში გაჟღერებით ცილს გვწამებთ...
– რა არის ექსკლუზივი, არ ვიცი, ეს არ არის ჩემი პროფესია, ეგ თქვენი პროფესიაა. მე ჩემი მოსაზრებები გითხარით, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. გამოძიების მასალას რომ მოიპოვებ და გასცემ ინფორმაციას, პროკურორის სანქციის გარეშე, ეს არის ექსკლუზივი? თქვენ რას მეუბნებით, რომ ჩვენი კანონმდებლობით, პროკურორს ან გამომძიებელს უფლება აქვს, რომ გამოძიების მასალები მიაწოდოს ჟურნალისტებს? ამიტომ აქ პასუხისმგებლობა ეკისრება არა ჟურნალისტს, არამედ სახელმწიფო ორგანოს. ჟურნალისტსა და სახელმწიფო ორგანოს კანონი სხვადასხვა პასუხისმგებლობას აკისრებს. თუ ჟურნალისტმა „შეაცდინა“ პროკურორი და მას გადასცა ეს ინფორმაცია, ეს ჟურნალისტის მხარეა, მაგრამ პროკურორმა რომ გასცა ინფორმაცია, ის ამაზეა პასუხისმგებელი.
– თუკი თქვენი მოსაზრებები „ საპროკურორო“ წყაროსთან დაკავშირებით არ დადასტურდა, ჩვენ სამართლებრივად თავისუფლად შეგვიძლია ამ განცხადებების გამო, ცილისწამებისთვის გიჩივლოთ…იმედია, გესმით ეს…
– კი, ბატონო, მიჩივლეთ, მე ამას მივესალმები, იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობს იმ სასამართლო პროცესზე იმ ფაქტების დადგენას, რაც ჩემთვის საინტესოა. მე მაგალითად, არ მაქვს უფლება, როგორც ფიზიკურ პირს, რომ „კვირა.ჯიდან“ რაიმე სახის ინფორმაცია გამოვითხოვო, მაგრამ როგორც კი მოპასუხე მხარე გავხდები, მექნება უფლება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია სასამართლო წესით გამოვითხოვო. გარდა ამისა, მე თვითონ ვაპირებ, რომ პროკურატურას ვუჩივლო. ვაპირებ, დადგენილი წესით შევიტანო პროკურატურის საბჭოში განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს ძიება პროკურორის და გამომძიებლებლის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, რომ „კვირა.ჯის“ გადაეცა ეს ინფორმაცია.
– როდესაც სხვა მედიასაშუალებები ექსკლუზიურ მასალას ავრცელებენ, მათ შორის, ხშირად, ეთერებში ხვდება გრიფით საიდუმლო მასალები, რატომ არასდროს გქონიათ ისეთივე რეაქცია, როგორც „კვირა.ჯის“ სტატიაზე?
– „გრიფით საიდუმლო“ არ არის გადაცემული სახელმწიფო ორგანოს მიერ, ეს თვითონ მოიპოვა ჟურნალისტმა. სხვათა შორის, „რუსთავი 2“- საც და „იმედსაც“ სწორედ იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ „რუსთავი 2“ დღეს რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრი და „იმედი“ არის „ქართული ოცნების“ პრესცენტრი. ამის გამო ვაკრიტიკებ მათ, და არა იმის გამო, თუ რა მასალები მოიპოვა „რუსთავმა 2“ -მა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მათ ექსკლუზიური მასალა თვითონ მოიპოვეს და არა ხელისუფლების ნებიდან გამომდინარე. როცა ხელისუფლების წრეებიდან ვრცელდება ინფორმაცია, ზუსტად ეგ არის პრობლემა.
კავკასიის ეთერში განაცხადეთ, რომ სწორედ „კვირას“ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, „თიბისი ბანკის“ მეანაბრეები შეშინდნენ. როგორ მიგაჩნიათ, იგივე მეანაბრეები პროკურატურის მასალებს არ წაიკითხავდნენ? ან ბრიფინგს არ მოუსმენდნენ? სწორედ ეს მასალები მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა. თუმცა, „კავკასიის“ ეთერში, თქვენ ცალსახად აღნიშნეთ, რომ მოსახლეობაში პანიკა ჩვენმა სტატიამ დათესა…
– მიმაჩნია, რომ პროკურატურის განცხადებაც არის დანაშაულებრივი. როდესაც პროკურატურა აკეთებს ასეთ განცხადებებს, პროკურატურასაც ეკისრება პასუხისმგებლობა. წარმოვიდგინოთ, რომ „თიბისი ბანკს“ დაემართოს ის, რაც, წლების წინ „ოქროს თასს“ ან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ , ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო და სახელმწიფო ორგანო, რაზეც უნდა აგოს პასუხი, იმიტომ, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ, არანაირი უკანონო შემოსავლების ფატქი არ დადგინდება „თიბისისთან“ მიმართებაში. იურისტი ვარ და ყველა იურისტის აზრი ვიცი, ნუ, ზოგიერთი დეგენერატის გარდა. ვიცი, რომ იქ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია, ეს საქმე დაიხურება და ამის შემდეგ, ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს დაეკისრება.
– პროკურატურის მასალების თანახმად, ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებას…
– აბსურდია ეს ყველაფერი, ყველა იურისტი გეტყვით, თუ, რა თქმა უნდა, ისევ მამუკა მდინარაძეს არ ჩაწერთ, რომ ფულის გათეთრებაზე საუბარი არის აბსურდი, სრული კრეტინიზმია, რასაც პროკურატურა ამბობს. არ შეიძლება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ფულის გათეთრება უწოდო კანონიერ შემოსავალს. უკანონო უნდა იყოს შემოსავალი, რომ აქციო კანონიერად, ანუ ფული უნდა იშოვო ნარკოტიკებით და მერე უნდა შეიტანო ბანკში ან რაღაც შპს-ში და მერე უნდა თქვა, რომ ეს არის კანონიერი. როდესაც ბანკს თავისი კანონიერი ფული გამოაქვს ბანკიდან, აქ საუბარი გათეთრებაზე არის აბსურდი. ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს არის ანაკლიის პორტის და სხვა ფინანსური აქციების გამო, ხელისუფლების მიერ დაწყებული რეკეტი.

რა გავიგეთ იურისტისა და პოლიტიკოსის კახა კუკავას მიერ „კვირასთვის“ მიცემული 10-წუთუანი ინტერვიუდან:

  • კუკავა ცვლის პირველ „ჩვენებას“ და უკვე დღეს ამბობს, რომ „კვირას“ არაფერი დაუშავებია, მაგრამ მაინც უნდა იჩივლოს;
    არ ესმის სიტყვა ექსკლუზივის დატვირთვა და თვლის, რომ პროფესია არ ავალდებულებს, ეს იცოდეს;
  • მიაჩნია, რომ „კვირამ“ სტატიის გამოქვეყნებით მოსახლეობა დაზაფრა და პანიკაში ჩააგდო;
  • თვლის, რომ ეთერში გრიფით საიდუმლო მასალების გაშვებით სხვადასხვა მედიასაშუელებები ჟურნალისტურ სტანდარტს არ არღვევენ, თუ ეთერში გადაცემული მასალა ხელისუფლების კრიტიკის ელემენტებს შეიცავს;
  • თავს არიდებს კითხვას, გააკეთა თუ არა მედიის მიმართ ცილისმწამებული განცხადებები;
  • გვთხოვს ინფორმაციის წყაროს გათქმას, როგორც ჩანს, ის მსოფლიო მედიის სტანდარტებს საერთოდ არ იცნობს;

რაც შეეხება კუკავას პოლიტიკურ გემოვნებას, მკითხველს, ვისაც ობიექტურად არ ახსოვს მისი პოლიტიკური გზა, ის ასე გამოიყურება:

2004 წელს არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ “ნაციონალური მოძრაობის” სიით, კონსერვატიული პარტიის ქვოტით.
2007 წლის შემოდგომაზე, არჩეული იყო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარედ.
2007-2009 წლებში იყო “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო ბლოკ ეროვნული საბჭოს სიით არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად.
2010 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო”.
2011 წელს პარტიის პირველ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.
2012 წელს მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. თუმცა, მიღებული ხმების რაოდენობიდან (1,31%) ჩანს, რომ კახა კუკავამ აღნიშნული ოლქის ამომრჩევლთა უმრავლესობის ნდობა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, დეპუტატის მანდატიც ვერ მიიღო.
2013 წლის 27 აპრილს მონაწილეობდა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის ოლქში, სადაც კვლავ დამარცხდა;
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო, თუმცა, პირველივე ტურში დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები