სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა, თუმცა ის საუბრობს, არა როგორც კერძო პირი, არამედ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.
„მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც პირადად ჩემთვის და მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მომავალში. ჩვენთან ეს არის დამოუკიდებლობის საწინდარი, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, ასევე, მისი განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. თუმცა ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება. ჩვენ სხვადასხვანაირი ქვეყნები ვართ და ერთნაირი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა ამ ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს, როგორც ადამიანი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.