“კვირასთან” არანაირი პრეტენზია არ მაქვს – ჟურნალისტი ვალდებულია მოპოვებული ინფორმაცია გაავრცელოს”

მედიაჰოლდინგ “კვირას” მიერ მოპოვებულმა ექსკლუზიურმა მასალამ, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლო ბრალის წარდგენას უკავშირდებოდა, ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერესი გამოიწვია.
„kvira.ge-მ დაუწერა განცხადება პროკურატურას, თუ პროკურატურამ დაუწერა სტატია kvira.ge-ს?!“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
მედიაჰოლდინგთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ „კვირა“ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. ექსპერტმა ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ “კვირასთან” კითხვები არ აქვს და მისი ადრესატი პროკურატურაა.
“მე თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მე პრეტენზია მაქვს პროკურატურასთან, რომელიც გამოძიების მასალებს ასე ავრცელებს. ჟურნალისტი რა, ჟურნალისტის საქმე ეგ არის… შინაარსს რაც შეეხება, ეს უკვე ძიების საქმეა. მე უბრალოდ არ მომწონს, რომ პრობლემა გადადის ბანკზე, თუ პრეტენზიებია კონკრეტულ პირებზე ამის ძიება სამუშაო ვითარებაში უნდა მიდიოდეს და ცხადად უნდა იყოს ნათქვამი, რომ ეს ბანკს არ ეხება. იმიტომ, რომ მას ჰყავს ასეულ ათასობით მეანაბრე, მომხმარებელი და ა.შ. იქ, რომ რაღაცა პანიკა დაიწყოს, ამან შეიძლება ფინანსური სტაბილურობა შეარყიოს ქვეყნაში. ამიტომ, მიმაჩნია პროკურატურიდან ამ ინფორმაციის გაჟონვა უპასუხისმგებლო ნაბიჯად. ჟურნალისტის საქმეა, რომ თუ ვინმე აძლევს ინფორმაციას, მიიღოს ეს და გაავრცელოს. შესაბამისად, ჟურნალისტებთან მე ამ შემთხვევაში რა პრეტენზია უნდა მქონდეს?! ერთ-ერთ ტელევიზიაში მე უკვე აღვნიშნე, რომ ამ ყველაფერმა სისტემური ხასიათი მიიღო და როგორც ჩანს, ბოლო არ იქნება. სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ინფორმაციის დაცულობას.
“კვირასთან” მე არანაირი კითხვები არ მაქვს და ვერც მექნება. ჟურნალისტი ვალდებულიცაა მოპოვებული ინფორმაცია გაავრცელოს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კითხვაზე, სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე თუ არის, ან ყოფილა ასეთი რადიკალური, ექსპერტი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე რეაგირებას ყოველთვის ახდენს, თუმცა კონკრეტული შემთხვევები არ დაუსახელებია. ე.წ. ციანიდის საქმე, ტერორიზმის – აჰმედ ჩატაევის საქმე, ფარესაშვილის საქმე, ხორავას საქმე – ეს ის საქმეებია, როდესაც გია ხუხაშვილი მართლაც რომ ყოველთვის მკაფიოდ აფიქსირებდა თავის მოსაზრებას, თუმცა, ორმაგ სტანდარტებზე მაინც შესაძლებელია საუბარი, რადგან ექსპერტს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისას, კონკრეტული მედიასაშუალების ხსენება-აფიშირება არასოდეს მოუხდენია, მათ შორის არც მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქართული მედიასაშუალებებით “გრიფით საიდუმლო” საქმეების მასალები ქვეყნდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები