დავით სერგეენკო: მივმართავ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, რომ H1N1 ვირუსისგან გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად პრეპარატ “ტამიფლუზე” ფასები დაწიონ. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის უწყების რეზერვი ხვალ 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება.
“ტამიფლუს” მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი.
ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ.
​ტამიფლუ”, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ცალსახა რეკომენდაციაა, მიმართონ ექიმს და მისი დანიშნულებით დაიწყონ მიღება თუკი ამის საჭიროება იქნება. გრიპის ავადობის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებობდა 7 ათასი კოლოფის მარაგი. გაზრდილი ავადობის დროს, როდესაც აფთიაქებში 2-3 დღიანი დეფიციტი გაჩნდა, ჩვენ გადავეცით 800 კოლოფი. ჩვენს მარაგებში გვქონდა 3 ათას კოლოფზე მეტი, რომელიც 800 კოლოფამდე გაიცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დანარჩენი რჩება მარაგში. მივეცით შეკვეთა და ხვალ 10 ათასი კოლოფით ავსებს სამინისტრო თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი, რომ ამ სეზონზე გამოწვევებს ვუპასუხოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააფთიაქო ქსელებიც ავსებენ მარაგს 3000 კოლოფით”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები