“ოქრუაძეების ოჯახში საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ”

ასეთი ახალი წელი ოქრუაძეების ოჯახს არასდროს უნახავს! საქველმოქმედო აქციაში, რომელიც “ჩერნოვეცკის” ფონდმა მათ დასახმარებლად რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, 50-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შემოწირულობამ 1143 ლარი შეადგინა. ამ თანხით ფონდმა შეისყიდა საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული, ნაძვის ხე, სათამაშოები…

ოქრუაძეების 5-შვილიანი ოჯახი ოზურგეთში, აუტანელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. მათი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია: სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის მინა, ზამთარში ოთახების გათბობა კი შეუძლებელია…

როდესაც ახალი წლის წინა დღეებში “ჩერნოვეცკის” ფონდის თანამშრომლები ოქრუაძეებს ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ, ბავშვებმა ერთხმად დაიძახეს: „თოვლის ბაბუა მოვიდა!“.

-ბავშვებო, თოვლის ბაბუა ოდესმე იყო თქვენთან?   

ელგუჯა, 8 წლის: არა, მაგრამ ვიცოდი რომ არსებობს;

მათე, 7 წლის: ყოველდღე ვწერდი წერილებს თოვლის ბაბუას;

ანასტასია, 4 წლის: ზუსტად ასეთი თოჯინა მინდოდა, როგორიც მომიტანა თოვლის ბაბუამ;

ელგუჯა: ყველაზე მეტად გამიხარდა ნაძვის ხე, რადგან ყველას აქვს, ხოლო ჩვენ არასდროს გვქონია. სათამაშოებიც ლამაზია. ახლა უნდა გავაწყოთ ნაძვის ხე.

– თამარ, რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც თქვენი ოჯახისთვის შემოწირულობა გაიღო?

თამარ ოქრუაძე, 5 შვილის დედა: უპირველეს ყოვლისა, ყველას ვულოცავ ახალ წელს. ღმერთმა მოგცეთ სიკეთე, სიყვარული, ხვავი და ბარაქა! უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ოჯახისთვის თუნდაც ერთი ლარი გაიღო. თქვენ ისეთი სიხარული შემოიტანეთ ჩემს ოჯახში, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ. ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოთ. დაილოცოს თქვენი ოჯახები!

“ჩერნოვეცკის” ფონდის დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში! ამავე დროს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ  ოქრუაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი კვლავინდებურად საჭიროებს დახმარებას.  რა თქმა უნდა, საკვები პროდუქტები ამ ეტაპზე მათთვის გადამწყვეტია, თუმცა საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ.

თუ გაქვთ სურვილი, რომ მათ დაეხმაროთ ფინანსურად, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:  GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოქრუაძეების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/383-oqruadze/

 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები