“ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრას მოდერაციას უცხოელი სპეციალისტები უწევენ

0

“კაჭრეთში, მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრას მოდერაციას უცხოელი სპეციალისტები უწევენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სემინარი მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს კოორდინაციის გაუმჯობესებას ემსახურება.
„მიმდინარეობს სემინარი, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ბევრი პარლამენტარი, თუმცა ნაწილი დღეს არ იღებს მონაწილეობას. ისინი მონაწილეობას სემინარის შემდეგ ეტაპზე მიიღებენ. სემინარი ემსახურება მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე, მენეჯმენტის გაუმჯობესებას ამ მიმართულებით. მასში ჩართული არიან ასევე უცხოელი სპეციალისტები და ვფიქრობ, რომ ასეთი სემინარები, რომელიც კარგად აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მართლაც გააუმჯობესებს კოორდინაციას მთავრობასა და პარლამენტს შორის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არიან თუ არა შეხვედრაზე ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
„ამ შეხვედრას არ ესწრება დაახლოებით ასამდე დეპუტატი. რატომ არ მისვამთ კითხვას სხვა დანარჩენების შესახებ. ამ დღეებში განვითრებული მოვლენები არაფერ შუაშია, ეს სემინარი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიგეგმა. წინასწარ შედგა სია, ამ სიაში ეს ადამიანები თავიდანვე არ იყვნენ, ორგანიზატორების მიერ ეს ადამიანები მოწვეული არ იყვნენ ისევე, როგორც ბევრი სხვა. ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო და უცხოელი სპეციალისტები მოვიწვიეთ ამ სემინარის მოდერაციისთვის“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი