მამუკა მდინარაძე: დამერწმუნეთ, არანაირ სიას პარტიის ხელმძღვანელი არ ლობირებს

არანაირ სიას, დამერწმუნეთ, პარტიის ხელმძღვანელი არ ლობირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, დეპუტატი განმარტავს, რომ სხდომაზე მხოლოდ იმაზე მიმდინარეობდა მსჯელობა, მომხდარიყო თუ არა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
მისივე თქმით, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.
„ჩვენი, პარლამენტის პრეროგატივაა, ვიმსჯელოთ ამ სიაზე. საბოლოოდ, დატოვებენ ამ სიას თუ არა, ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ პერსონებზე მსჯელობა. ანუ სია იქნება თუ არა გაწვეული, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმე. სიაზე და კონკრეტულ პერსონებზე საუბარი არის ძალიან ნაადრევი და ეს თემაც ძალიან ნაადრევად არის წამოწეული წინა პლანზე. არანაირ სიას, დამერწმუნეთ, პარტიის ხელმძღვანელი არ ლობირებს. მისი აზრიც იყო, რომ ინდივიდუალურად გადასაწყვეტია კონკრეტული პერსონების მიმართ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს არის პარლამენტის საქმე და არავინ ამაში არ ჩარეულა, არავითარი მოწოდება არ ყოფილა, მხარი დაეჭირათ ან არ დაეჭირათ. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ შეეხებოდა იმას, ეს საკითხი დაჩქარებულ რეჟიმში გაგვევლო თუ არა. დაჩქარებულ რეჟიმში ამ საკითხის გავლა არასწორია, მეორე მხარეს იყო არგუმენტები, რომ უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის ნაცვლად, არის 10 მოსამართლე და არის კოლაფსი. ვინმეს მხარი დავუჭიროთ თუ არა, ასეთ რამეზე საუბარი დამერწმუნეთ, არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები