ბექა ნაცვლიშვილი: თუ მოსამართლეობის კანდიდატების ამ სიას მხარს დაუჭერენ, უმრავლესობას დავტოვებ

ეს სია უნდა გაიწვიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილ სიას მხარს დაუჭერს, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.
“ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე რამდენიმე ხნის წინ. ეს სია უნდა გაიწვიონ. თუ ჩვენ ვაღიარებთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ხასიათს და ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ეფუძნება სისტემას, რომელსაც ჰყავს თავისი მოსამართლეები, მაშინ, შესაბამისად, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულები სასამართლოს დაბალ დონეზეც კი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ე.ი. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთ-ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნების შედეგად უბრალოდ დამარცხდა. საკითხი დგას შემდეგნაირად: ვაღიარებთ იმას, რისთვისაც ვიბრძოლეთ, თუ უარვყოფთ. ეს დაპირისპირება, ცხადია, არის და ის გამოსულია გარეთ. რა სიმწვავე ექნება ამ პროცესს, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა რა სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ. ე.ი. ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავება ამ მნიშვნელოვან საკითხზე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები