ახალციხეში სკოლის მოსწავლეებს თავს ნასვამი მამაკაცები დაესხნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალციხეში წმ. ქეთევან დედოფლის ქუჩაზე არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ა, ბ და გ ქვეპუნქტებით დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში, 7 იანვარს არასრულწლოვანი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა.
გამოძიების დაწყების საფუძველი მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა.
არასრულწლოვნის დაზიანებების შესახებ პოლიციისთვის არც მშობლებს და არც სამკურნალო დაწესებულებას არ მიუმართავს. საავადმყოფოში ყოფნის დროს, არასრულწლოვანმა და მისმა ახლობლებმა დაზიანების მიზეზად ყინულზე დაცემა დააფიქსირეს.
გარდა ამისა, ახალციხის პოლიციაში ასევე, მიმდინარეობს გამოძიება 2 იანვარს დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკური დაპირისპირებაზე.
გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს. პოლიციაში მოწმის სახით რამდენიმე პირის გამოკითხვა უკვე ჩატარდა. გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფაქტის შესახებ გამოძიების მიმდინარეობისას არასრულწლოვნები გამოძიებასთან აქტიურად არ თანამშრომლობენ.
ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს ერთ-ერთი თანაკლასელის სახლში აღნიშნავდნენ, როდესაც 16 წლის მოზარდებმა კლასელის სახლი დატოვეს და ქუჩაში გავიდნენ, მათ თავს ოცდაათამდე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაესხა.
ზრდასრულმა მამაკაცებმა ბავშვებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მასპინძელს ორივე ხელი მოტეხეს, ხოლო გაქცეულ მოსწავლეებს დაედევნენ და მოპირდაპირე დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები სამ მოსწავლეს მიაყენეს.