„იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება“

„იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება“,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
დირექტორი მშობლებს ურჩევს, შვილები თავშეყრის ადგილებს მოარიდონ. მისი თქმით, პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბრის პიკმა გადაიარა, ტენდენცია შემცირებისკენ არის, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ორი პიკი გვქონდა, დეკემბერ-იანვარსა და თებერვალ-მარტში. მაინც ველოდებით იანვრის შემდეგ გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას. გრიპის პრევენციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, რადგან ვაქცინის შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გვაძლევს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ მიმდინარე შემთხვევები“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატება, სასურველია, მოქალაქეებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ.
ივანე ჩხეიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის განმავლობაში შესაძლო პაციენტთან კონტაქტს მოერიდებიან, იანვარსა და თებერვალში გრიპით დაავადების შემთხვევას თავიდან აირიდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები