ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს H1N1-ის ვირუსი დაუდგინდა
გუშინ, ინგოროყვას კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გარდაცვლილს H1N1-ის ვირუსი ჰქონდა.
30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა საავადმყოფოში შესვლისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და ამიტომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების ცნობით, მას ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.
მიმდინარე სეზონზე, H1N1-ის გართულების შედეგად, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
დავით სერგეენკოს თქმით, 48 საათში დაწყებული მკურნალობა ეფექტურია. ამ ეტაპზე 100 ათას მოსახლეზე გრიპით ინფიცირების 277 შემთხვევა ფიქსირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საგანგაშო მონაცემი არ არის და ეპიდემია ამ მაჩვენებლის 500-მდე გაზრდის შემთხვევაში იქნება. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.