„სიამოვნებით წარმოვადგენთ ამ ნაყოფიერი წლის მონაგარს“ – ხელოვნების სასახლე შედეგებს აჯამებს
ხელოვნების სასახლე განვლილ წელს აჯამებს და ინფორმაციას სასახლის ფეიბუქგვერდზე აქვეყნებს.
„განვლილი წლის შედეგების შეჯამების დრო დადგა და ჩვენც სიამოვნებით წარმოვადგენთ ამ ნაყოფიერი წლის მონაგარს.
2018 წელს ჩვენს მუზეუმში ბევრი ისეთი რამ მოხდა რომელიც თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, წელს ხელოვნების სასახლის სამეცნიერო პროექტმა “ქსოვილი საქართველოდან” ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო “ევროპა ნოსტრა” მიიღო, საქართველოდან ეს პირველი სამეცნიერო პროექტია, რომელსაც ასეთი დონის აღიარება მოჰყვა, წელსვე ლონდონიდან საქართველოში ფონდ “ქართუს” დახმარებით დავაბრუნეთ ქართლ-კახეთის ცნობილი მეფის თეიმურაზ II-ის უნიკალური პორტრეტი, ნახატი რომლითაც ინგლისის პორტერტების ნაციონალური გალერეა იყო დაინტერესებული და ტილო, რომლის ავტორიც, უახლესი კვლების თანახმად, მსოფლიო დონის დიდოსტატი ალექსი ანტროპოვი აღმოჩნდა.
წელსვე, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დახმარებით ტრეტიაკოვის გალერეაში გასაყიდად გატანილი “მაქმანიანი ბიჭუნას” პორტრეტი უკან გამოვიწვიეთ და შევისყიდეთ კიდეც, ბიჭუნას პორტრეტმა მალევე საქვეყნო აღიარება მოიპოვა და მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის Google Arts & Culture-ს ვებგვერდზე შედევრებს შორის განთავსდა. წელსვე ხელოვნების სასახლე google cultural institut-ს ერთადერთ და ოფიციალურ პარტნიორად რჩებოდა, რომელმაც ამ უდიდესი და პრესტიჟული პლატფორმისათვის ორი დიდი გამოფენა მოამზადა, ერთი თანამედროვე შემოქმედის, თამარ კვესიტაძის მოღვაწეობას ასახავს და მეორე დავით კაკაბაძეს ეძღვნება (პლატფორმაზე ჩაიტვირთება 2019 წელს). ამ ხმაურიანი მიღწევების ფონზე, აღარაფერს ვამბობ ჩვენ მიერ გამართულ უამრავ გამოფენაზე, გამოცემაზე, სამეცნიერო თუ სარესტავრაციო მიღწევაზე“…