“ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე”

„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე“, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ეკა ბესელია განმარტავს, რომ იგი ყველა კომენტარს აკეთებს არა როგორც „მოპასუხის“ და „არა თავდამსხმელის როლში“.
„მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ მოპასუხის და არა თავდამსხმელის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ან სადმე იმალება, ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 2011 წელს და მე დავარეგისტრირე ეს პოლიტიკური პარტია მანანა კობახიძესთან და სხვებთან ერთად. მე ამ გუნდის ღირებულებებსა და იდეალებს ვიცავ დღესაც ამ პოზიციით. ასე რომ, მე ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, ვაგრძელებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ჩემი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორი განვითარება ექნება ამ პროცესს. ჯანსაღად წარიმართება პროცესი და ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ იმ პირობებს ვასრულებთ, რომელიც მოსახლეობას ვუთხარით. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ კომფორტულ გარემოში, სხვა პოზიციას აირჩევენ და მე გადავხედავ ჩემს პოზიციებს შემდეგ. ერთი ვიცი, ბრძოლას გავაგრძელებ,“ – განაცხადა ბესელიამ.
გარდა ამისა, ეკა ბესელიამ უკომენტაროდ დატოვა კითხვა, ვის წინააღმდეგ გააგრძელებს იგი ბრძოლას და ხომ არ არის ეს ადამიანი ირაკლი კობახიძე:
„უკომენტაროდ. მე ვიცი, ვისაც ველაპარაკები და იცის მანაც, ვისაც ვგულისხმობ”, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ, რომელმაც გასულ კვირას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, კომიტეტის რიგით წევრად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები