მეუფე დანიელი: საეკლესიო წესების შესრულებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ მთელი გულით

,,ღვთისმსახურებას, საეკლესიო წესების შესრულებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ მთელი გულით და არ არის ჩვენი გული გაყოფილი”, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, ქართველი ერის ისტორიიდან არის მაგალითები, თუ რა შეეძლო სულიერი სიძლიერეს.
„ღვთისმსახურებას, საეკლესიო წესების შესრულებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ მთელი გულით და არ არის ჩვენი გული გაყოფილი. უფალი ბრძანებს: შეუძლებელია ორი ბატონის მსახურება, ანუ ერთი უნდა მოიძულო და ერთი იგი უნდა შეიყვარო. შეუძლებელია სიყვარული მამონისა და ღმრთისა. მამონა არის სიმდიდრის კერპი და მიწიერი ცხოვრების მიმართ ასეთი ლტოლვა, ძლიერი მიდრეკილება, რომელიც აცდუნებს ადამიანს, ყოველთვის იყო ძველ აღთქმაში. ახალ აღთქმაში, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც იყო ამის მაგალითები, ჩვენი ერის ისტორიაშიც იყო ამის მაგალითები.
როცა ჩვენ სულიერად ძლიერნი ვიყავით, ვამარცხებდით ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებს, თავს ვიცავდით, აღორძინებული იყო ქვეყანა და როცა ჩვენი რწმენა შესუსტებული იყო, ადვილად გვიპყრობდა მტერი. ზუსტად ასე მოხდა მეცხრამეტე, მეოცე საუკუნეებში, ჩვენი რწმენა იყო შესუსტებული და მტერმა მოახერხა ჩვენი დაუძლურება, მაგრამ დღეს სამი ყრმის მსგავსად, ჩვენც გვყავს ასეთი რჩეულები, მამა გაბრიელი, ჩვენი პატრიარქი, რომელთა ლოცვითაც ღმერთი კიდევ იცავს ჩვენს ქვეყანას, რომელთა ლოცვითაც, თანდათანობით, ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს სარწმუნოებას.
ძალიან მნიშვნელოვანია სარწმუნოებაში გამთლიანება. სარწმუნოება არ ნიშნავს მხოლოდ ღმერთის აღიარებას. იაკობ მოციქული ბრძანებს: რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გვწამს ღმერთის არსებობა, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღვთის ძალა მოქმედებდეს ჩვენში?! ღვთის ძალა მოქმედებს ჩვენში მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს სისუსტეს, ჩვენს შეცდომებს, ცოდვებს და ვაღიარებთ ღვთის წინაშე, გვაქვს განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთ დროს, ღმერთი გვპატიობს“, -აღნიშნა მეუფე დანიელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები