“მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა თანამშრომლობის ფორმატები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით“
„წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები საქართველოსათვის აქტუალური საკითხების წამოწევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა წარადგინა.
ამასთან ანგარიშში ნათქვამია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების საკითხი. გაკეთდა მხარდამჭერი განცხადებები პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.
81-მდე გაიზარდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდამჭერთა რაოდენობა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ კი ზედიზედ მეორედ მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”, სადაც შეფასებულია ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უმწვავესი ვითარება და დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ამასთან, 2018 წელს განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ორი კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“. აღნიშნული ანგარიშით ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1315-ე სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში კი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელშიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია ანგარიშში.