„ძილიანობა, მაღალი ცხელება, ღებინება“ – როგორ ამოვიცნოთ H1N1, ექიმის განმარტება

გრიპით დაავადებულთა 95 %-ს H1N1 აქვს. გრიპის ეს ტიპი უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში პროფესორმა და პედიატრმა, ინგა მამუჩიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკებში პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია.
„მინდა დავიწყო იმით და დავამშვიდო მოსახლეობა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. წელს გავრცელებულია H1N1 ვირუსი, ეს ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია. გამოკვლეული პაციენტებიდან 95 %-ში დაფიქსირდა H1N1. რა არის H1N1 ვირუსი – ეს არის A გრიპის ქვეტიპი. A გრიპს ორი ქვეტიპი აქვს, ეს არის H1N1 და H3N2. H3N2 შედარებითი მარტივი მიმდინარეობით ხასიათდება. რაც შეეხება H1N1 -ს, ის ცოტა რთული კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდება. მას ახასიათებს ძლიერი ინტოქსიკაცია და სწრაფი გართულება. ჩვეულებრივი, სეზონური გრიპი მიმდინარეობს შედარებით მარტივად, მაღალი ტემპერატურით და 5-დღიანი ციკლი აქვს, 5 დღის შემდეგ ორგანიზმიდან გადის ვირუსი. ამ შემთხვევაში, შეიძლება დაიწყოს გართულებები. რა გართულება შეიძლება იყოს ეს – ძლიერი ინტოქსიკაცია, მაღალი ცხელება, რომელიც აბსოლუტურად დაუმორჩილებელია. მშობლების განგაში აქ იწყება ხოლმე, როცა ტემპერატურის დაწევა არ ხდება. დამახასიათებელია ძილიანობა, ლეთარგიული მდგომარეობა, ძილად არიან მიშვებულები. ხშირად დამახასიათებელია ღებინება, ბავშვი გამოიღვიძებს, აღებინებს, კვლავ მიიძინებს, ტემპერატურის აწევის პერიოდში სითხეს და საკვებს საერთოდ არ იღებს, ამიტომ, შესაძლოა, მოხდეს სითხისგან გამოფიტვა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს სითხით. რაც ყველაზე სერიოზული გართულებაა – უკვე მეორე, მესამე დღეს ტემპერატურის დაწყებიდან შესაძლოა, გამოვლინდეს ვირუსული პნევმონია“, – განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.
მისივე თქმით, ვირუსებისგან თავის დაცვა ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდში უნდა დავიწყოთ, როცა გრიპის ვაქცინაცია ტარდება.
„მნიშვნელოვანია ექიმისადმი დროული მიმართვა. თუ ტემპერატურა სტაბილურად 3 დღის განმავლობაში გრძელდება, ან პირველივე დღეს ბავშვს აღენიშნა ძილიანობა, მივარდნა, სითხეს, საკვებს არ იღებს, სასურველია, მივაკითხოთ სტაციონარს.
თუ ადამიანს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მასთან შეიძლება უფრო რთულად წავიდეს. ეს არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული, ავტოიმუნური დაავადებები. ასეთი დაავადებების მქონე პირები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ. მნიშვნელოვანია, დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის მიღება. ბალანსირებული კვება, დიდი რაოდენობით სითხე. ასევე, ხელების ხშირი დაბანა, ოთახების ხშირად განიავება, რაც უნდა მოხდეს ბავშვთა დაწესებულებებში“,- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა და აქედან 95% სწორედ, H1N1-ია.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ არის, რადგან მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე 221-ს შეადგენს და აღნიშნული ვირუსი წელს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცირკულირებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები