გედევან ფოფხაძე: მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ მის ეპოქას

„ერთიან პოზიციაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია – პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია. ეს პროცესი მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევის თაობაზე განაცხადა.
გედევან ფოფხაძის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული ავტორიტეტით და უმწიკვლო ბიოგრაფიით.
“ეს ადამიანები მერე განაგებენ სამართალს. ფორმალურად პროცედურა დაცულია, მაგრამ ყველანაირ პროცედურას აქვს სტანდარტი. მაგალითად, ჟურნალისტებს არსად უწერიათ, როგორ უნდა ეჭიროთ მიკროფონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიკროფონი თავში ჩამარტყათ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძე აცხადებს, რომ კონკრეტულ შეფასებას მას შემდეგ გააკეთებს რაც კანდიდატებს პარლამენტში მოუსმენენ.
„აქ მოვლენ კანდიდატები და მერე გამოვხატავ ჩემს პოზიციას თითოეულ მათგანზე. უნდა მოხდეს მათი წარდგენა კომიტეტის წინაშე, უნდა შემოგვხედონ თვალებში და გასცენ პასუხები შეკითხვებზე, რომელსაც დავუსვამთ. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას”, – აღნიშნა ფოფხაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა ათი კანდიდატურა დაასახელა – ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ტყავაძე.
შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ გუშინ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები