დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობას“ სომეხი მკითხველიც გაეცნობა
2014 წელს დათო ტურაშვილის რომანი „ჯინსების თაობა“ სომხურ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. კულტურის სამინისტროს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ წიგნის სომხურ ენაზე გამოცემაა შესული, მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების უცხო ენაზე თარგმნასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციას. დავით ტურაშვილი თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი პირველი რომანი 1988 წელს დაიბეჭდა. მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში თეატრალურ სარდაფში გაიმართა. მან ასევე გამოსცა მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მწერალმა თარგმნა როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.