მარიამ შელეგია: თანდათან უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო სისტემა, უნდა შეიქმნას ევროპული მოდელი

თანდათან უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო სისტემა, უნდა შეიქმნას ევროპული მოდელი – ბიომეტრია, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არასამთავრობოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტმა, მარიამ შელეგიამ განაცხადა.
როგორც შელეგია აცხადებს, ძირითადი პრობლემა საარჩევნო მოხელეების დონეა და მის გაზრდაზე მუშაობაა საჭირო.
„მადლობა მინდა, გადავუხადო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც წარადგინეს ჩემი კანდიდატურა. დიდი ხანია საარჩევნო პროცესებში ვარ ჩართული. სამჯერ ჩავაბარე საარჩევნო მოხელის გამოცდა, მაქვს მოქმედი სერთიფიკატი. რამდენიმე ოლქში მქონდა ოლქის წევრად მუშაობის გამოცდილება, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება.
თუ ვიქნები წარდგენილი, ბევრი ცვლილება განხორციელდება. ეს იქნება ბიომეტრიულ არჩევნების ჩატარებაზე გადასვლა, ელექტრონული ხმის მიცემის და ხმის დათვლის პროცედურები. ეს 2020 წლისთვის სავარაუდოდ საპილოტე იქნება და შემდეგ თანდათან დაინერგება მთელს ქვეყანაში.
ძირითადი პრობლემა საარჩევნო მოხელეების დონეა და მის გაზრდაზეა მუშაობა საჭირო. ეს გარკვეულწილად ხარვეზია და ამან 2018 წლის არჩევნებშიც გამოვლინება ჰპოვა. თანდათან უნდა გაუმჯობესდეს სისტემა, უნდა შეიქმნას ევროპული მოდელი – ბიომეტრია“,- განაცხადა მარიამ შელეგიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს ​ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე სულ ოთხი კანდიდატურა შესთავაზეს. მათ შორის არიან ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები