გურჯაანის სასამართლოს შენობასთან, დავით კირკიტაძის მხარდამჭერები აქციას მართავენ
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, გურჯაანის სასამართლოს შენობასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ისინი დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებმა შეკრება დილის 9 საათიდან დაიწყეს. სასამართლოს შენობას საპატრულო პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავს. აღსანიშნავია, რომ შენობის ეზოში ქალი პოლიციელების მწკრივია განლაგებული. აქციის მონაწილეებმა მათ სიმბოლურად მიხაკები მიართვეს.
სასამართლოში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი 10:30 წუთზე პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
ამასთან, დავით კირკიტაძეს პარლამენტის 30-მდე დეპუტატი პირად თავდებში უდგება და მის გათავისუფლებას ითხოვს.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დანაშაული 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.