ათეა-მ პროექტ N4ED -ის ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა.
როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიალი პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა. აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემაზე – „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა” საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა. გენდერული თანასწორობის საკითხებში წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები. სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით კი საუკეთესოდ, წყალტუბოს, თეთრიწყაროს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა. გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ჯილდოები ევროკავშირის წარმომადგენელთან – ვინსენტ რეისთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ გადასცეს.
დღესვე, სოციალური პროგრამების მართვაში მიღწეული წარმატებისთვის, სპეციალური სიგელებით ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) – ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი დროებითი ორგანო – მმართველი კომიტეტი და შეფასების კომისია, რის შემდეგაც, 2017-2018 წლებისთვის სამი საკონკურსო თემა იქნა შერჩეული. კონკურსში 24-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარმოადგინეს.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები