ია მეტრეველი სასამართლოს განაჩენზე: ძალიან კმაყოფილი ვარ

გურამ დონაძე განსაკუთრებულად არაადამიანია, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეტრეველმა სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ განაჩენით კმაყოფილია.
„დონაძე არის არაადამიანი, ურჩხული. სპეციალურად ისეთ მომენტებს უსვამდა ხაზს სასამართლოზე, რომ ჩემთვის, როგორც დედისთვის, მოეყენებინა ისეთი ტკივილი, რომ შეიძლებოდა იქვე გული გამხეთქოდა და მოვმკვდარიყავი და ამას აკეთებდა სისტემატურად. ეს არის განსაკუთრებულად არაადამიანი და დღეს მე ბედნიერი ვარ, რითი იცით? აი, ის სამი ბიჭი “ნავთლუღის ოპერაციის” დროს რომ მოკლეს, რომელთაც ისე ვტირი, როგორც ჩემს ბუტას, დონაძე რომ იქ ბრძანდებოდა, ყველაფერში რომ გარეული იყო და ვერ დაუმტკიცეს ბრალი, დღეს ის ციხეშია. ამითი ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ ყველაფრიდან გამოძვრა ეს ბოროტი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უბედურებაში მიუძღვის წვლილი”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ია მეტრეველის თქმით, გურამ დონაძეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე კომპრომატები ჰქონდა, მათ შორის ვანო მერაბიშვილზეც და ამიტომ ძალაუფლებით სარგებლობდა.
„დონაძე იყო ყველა უბედურებაში ჩართული, მას უნდა მოეგვარებინა, სცენარი უნდა მოეგონებინა. გურამ დონაძე ძალიან დიდი ძალაუფლების პატრონი იყო და ბევრ უბედურებას ჩადიოდა. ყველა საქმეშია გარეული. მას აქვს ყველაზე კომპრომატები. მერაბიშვილიდან დაწყებული და იმიტომ სცემდნენ იძულებით დიდ პატივს”, -განაცხადა ია მეტრეველმა
ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხუთივე მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა:

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვის ვადით მიესაჯა პატიმრობა. თანამდებობის დაკავება მას 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თანამდებობის დაკავებას იგი 2 წლით და 3 თვის ვადით ვერ შეძლებს.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა.თანამდებობის დაკავება მას 2 წლითა და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით შეეფარდა. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო აეკრძალა მას თანამდებობის დაკავება.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. თანამდებობის დაკავების უფლება მას 2 წლით ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები