ნატოს სამეკავშირეო ოფისში, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სემინარი ანგარიშის წერის სტანდარტებზე გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუილისიმ და პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ოფისსა და აპარატს შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და სემინარზე განსახილველი თემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ეს ღონისძიება ძალიან მიზანმიმართულია, რადგან იგი კონკრეტულ მიმართულებას ეხება; სწორედ ამიტომ მაღალპროფესიული ექსპერტების მხრიდან უცხოური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი და საინტერესოა’, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლით, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა, რაც პარლამენტს როგორც მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტს, კიდევ უფრო აძლიერებს და საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, საზედამხედველო კონტროლის განხორციელების პროცესში, ახალი ნაბიჯების გადადგმა იწყება.
„ამდენად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს და მიდგომებს გაეცნობიან”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით პოზიტიური განწყობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ნატოსთვის უმთავრეს პარტნიორ უწყებას წარმოადგენს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ ნატოს ოფისი, ამავდროულად, მაქსიმალურად ცდილობს გააფართოვოს თავისი საქმიანობის არეალი და ხელი შეუწყოს სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუციების გაძლიერებას.
„ეს მიდგომა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ნატოს სტანდარტები არამხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაზრდას გულისხმობს, არამედ იგი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას შეეხება. ამითი ნატო კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსა და ნატოს შორის განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობაა და ჩვენ მოხარული ვართ, რაც უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში ეს ჩვენთვის კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს დაახლოების კუთხით. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ის პროექტები და იდეები, რაც როზარია პუილისმა თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა, მომავალი წლისთვის განხორციელებული და რეალიზებული იქნება. ეს კიდევ უფრო გააფართოებს ნატოს ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაში, რაც საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაშიც გამოიხატება”, – აღნიშნა პარლამენტის უფროსმა.
გივი მიქანაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და სემინარში მონაწილე ბრიტანელ, იტალიელ და თურქ ექსპერტებს ღონისძიების ორგანიზებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები