დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა – ის მშრალ შიმშილობას იწყებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში მხოლოდ პოლიციის შეურაცხყოფა და მასზე თავდასხმაა ნახსენები.
მისივე თქმით, დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდების კვალიფიკაცია არის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი და სხვა უამრავი სტუმრის გამო, პოლიციის მიერ მიღებულ იქნა ზომები და გადაკეტილი იყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე, არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ კონკრეტულ პოლიციელს, მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ბრალდების შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს მეორე დღეა ვითხოვ, მტკიცებულებები დღეს გადმომეცა და აქ ძირითადად არის პოლიციელების ჩვენებები და სიუჟეტი, რაც მასმედიაში გავრცელდა.
დაზიანებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ შეურაცხყოფა და პოლიციელზე თავდასხმაა ნახსენები. ბუნებრივია, დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები