„ესაა სასამართლო? რა დააშავა ვაკე-საბურთალოს პოლიციის ყოფილმა უფროსმა დათო იაშვილმა, რომელიც შემთხვევით მივიდა იქ”

„რა დააშავა დათო იაშვილმა, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი იყო, რომელიც შემთხვევით მივიდა იქ“, – ასე შეაფასა ბუტა რობაქიძის საქმის ბრალდებულის დავით იაშვილის ოჯახის ახლობელმა, ჯანო იაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება.
მისი თქმით, მოსამართლემ ზაზა ბაქრაძის ჩვენება გამოიყენა და დავით იაშვილს სხვებთან ერთად პატიმრობა შეუფარდა.
„რა დააშავა დათო იაშვილმა, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი იყო, რომელიც შემთხვევით მივიდა იქ. იმ დამპალ ბაქრაძეს როგორ შეიძლება დაუჯერო. ეს არის სასამართლო? 6 წელი რისთვის ატარეს. დაგვცხოცეს სულყველა 6 წელი, ახლა კი, 5 წელი მიუსაჯეს. რისთვის მიუსაჯეს 5 წელი დათო იაშვილს, ეს რა ხდება ხალხო, შეიძლება რომელიმე სახელმწიფოში ეს მოხდეს?! რისთვის მიუსაჯეს დათო იაშვილს?! ჩამოიყვანეს ის ბაქრაძე, მე მაგას ვუჩვენებ, როგორ შეიძლება გამწარება. ბაქრაძეს დაუჯერეს, ბაქრაძემ ისიც ვერ თქვა იარაღი ვინ მიიტანა იქ? არვიციო, რისთვის მიუსაჯეს დათო იაშვილს, რისთვის? ღამე არ სძინებია, სულ სამსახურში იყო“, – განაცხადა მსჯავრდებულ დავით იაშვილის ოჯახის ახლობელმა ჯანო იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.
გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.
რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები