თამარ ჩუგოშვილი: პირველი შემთხვევაა, როცა კონგრესმა საქართველოს შესახებ კანონი მიიღო

„პირველი შემთხვევაა, როცა კონგრესმა საქართველოს შესახებ კანონი მიიღო“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა საუბრისას აღნიშნა, კონგრესს მხარდამჭერი განცხადებები ბევრჯერ გაუკეთებია და საკანონმდებლო აქტებში საქართველოს შესახებ ჩანაწერი დაუფიქსირებია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანონი მიღებულია საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.
„ეს გამოხატულებაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილების, რაც მთავარი პარტნიორის მხრიდან ძალიან გვჭირდება. მთავარი აქცენტები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხება. მხარდაჭერილია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია. ასევე განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული იმაზე, რომ მომავალი წლების განმავლობაში, ამერიკამ მხარი ქართული არმიის გაძლიერებას უნდა დაუჭიროს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ეს მიმართულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, როცა ორპარტიულად, „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ საქართველოს მიმართ ერთსულოვნებას გამოხატავენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა.
საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.
ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები