გია აბაშიძე: აშკარად ეტყობოდა, რომ ზურაბიშვილის სიტყვა ინაუგურაციაზე, ევროპელი პოლიტიკოსის დაწერილი იყო

ის არ ჰგავდა ქართველი პოლიტიკოსის ნაწერს. აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ევროპელი დიპლომატის, პოლიტიკოსის დაწერილი სიტყვა, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვას ინაუგურაციაზე.
გია აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა.
„ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა, ძალიან სწორი აქცენტებით. იყო ის, რაც საქართველოს, ქართველი ერის ისტორიული ოცნებაა, მისწრაფებაა, ინტეგრაცია დასავლეთში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – ეს არის ჩვენი ოცნება და ამისკენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუქცევადად. ზუსტად ამ შეუქცევადობაზე ილაპარაკა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.
ხაზგასმული იყო ის გამოწვევები, სირთულეები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მომეწონა, რომ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ კულტურას, განათლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. გარდა იმისა, რომ ის იქნება კანონის უზენაესობის გარანტორი, ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი, კარგი იქნება, რომ ის გვერდით დაუდგება კულტურას, განათლებას – ეს მისასალმებელია. მისასალმებელი იყო მისი კიდევ ერთი გზავნილი – კავკასიაში ჩვენს მეზობლებთან ურთერთობის კიდევ უფრო გაღრმავების.
მივესალმები გუშინდელ, მისი ხელით დაწერილ გამოსვლას და ის არ ჰგავდა ქართველი პოლიტიკოსის ნაწერს. აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ევროპელი დიპლომატის, პოლიტიკოსის დაწერილი სიტყვა. ახლა უკვე ველოდებით, რომ სიტყვა თან ერთვოდეს საქმეს“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და დეკმოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.
„ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები